23:06:10     27-09-2013
"ფინანსთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის პოზიცია დიდ ზიანს აყენებს საწარმოს და საინვესტიციო გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით."

2013 წლის 20 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შპს "მიქსორის", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის", შპს "ბარამბოს", ლუდსახარშ "ზედაზენში" შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" 70%-იანი წილის, შპს "ბერტას", ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით.
პროკურორის აღნიშნული შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რის შემდეგაც პროკურატურამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დააყადაღა ზემოთდასახელებული ქონებები.
გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მოცემულ საქმეში ცეზარ ჩოჩელისთვის წარდგენილი ბრალდება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ გონივრულ არგუმენტაციას მოკლებული, შესაბამისად არ არსებობს ყადაღის დადების არავითარი საფუძველი.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად კი შეფასებულია კანონმდებლობის შესაბამისი, გამჭირვალე, დოკუმენტალურად დადასტურებული, დეკლარირებული ფინანსური ოპერაციები (სესხის აღება საბანკო დაწესებულებიდან, დივიდენდის მიღება, სესხის დაფარვა, დამფუძნებლის შენატანი საწარმოში, საწარმოს მიერ სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა).
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მთავარი პროკურატურის პოზიცია არამხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არაკანონიერია, არამედ მათი ქმედებებით დიდი ზიანი ადგება მოცემულ საწარმოებს (სადაც ცნობისთვის დაახლოებით 4 000 ადამიანია დასაქმებული), ასევე საინვესტიციო გარემოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ცეზარ ჩოჩელის ადვოკატი ბექა ბასილაია
0