19:00:05     24-09-2013
მარიამ კოჩალიძის დედა ეჭვობს რომ მისი შვილი შეკვეთით მოკლეს
![a25589.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25589.jpg)
ბათუმის ბულვარში 22 ივლისს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახი შველას ითხოვს.
როგორც „პრესა.ჯი“- ს გარდაცვლილის ახლობელმა აცნობა კოჩალიძეების 9 სულიან ოჯახს საცხოვრებლიდან ასახლებენ.
„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადამოწმებას და განსაკუთრებული სისასტიკით მომხდარი მკვლელობის შესახებ მარიამ კოჩალიძის დედას, ჟუჟუნა ბერიძის ესაუბრა.
ჟუჟუნა ბერიძე: „ბათუმში, ჯავახიშვილის #72 ნომერში წლებია ვმუშაობ, მას შემდეგ რაც საცხოვებელი სახლი დავკარგე საცხოვრებლად ამ ფართში გადმოვედი. აქაურობა საცხოვრებლად უვარგისი იყო, თუმცა გავარემონტე და რაღაცას დავამსგავსე. დღეს კი მივიღე წერილი ფართის დაცლის შესახებ. რამდენჯერმე ვთხოვე მთავრობას ეს ფართი ჩემთვის გადმოეცათ. ჩემი ბინა იპოთეკით დავტვირთე და ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. აღარც ეს ფართი მომყიდეს, ბინა კი ბანკმა წამართვა. მთავრობას დახმარებას ვთხოვდი, გასვენების დღეს კი წერილი მივიღე ფართი დაცალეთო. დღესაც მივიღე წერილი, ალბათ გამომასახლებენ და წასასვლელი არსად გვაქვს, ცხრა სულიან ოჯახს“.
- თუ მიმართეთ ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით?
- ვინაიდან აღნიშნული ფართი სახელმწიფო საკუთრეებაა და სრულიად გამოუსედაგარი, აჭარის უმაღლეს საბჭოს დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართე, საქმის კურსში ჩავაყენე აჭარის მთავრობა, ბათუმის საკრებულო და საპატრიარქო თუმცა უშედეგოდ.
- როგორც ჩანს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გაქვთ...
- მე ამ ფართს არ დავთმობ, წასასვლელი არსად მაქვს. ოჯახის ცხრა წევრიდან მუშაობს მხოლოდ ერთი. ამიტომ ქირითაც ვერ გავალთ.
- ქალბატონო ჟუჟუნა, მარიამის მკვლელობის საკითხზეც მინდა გკითხოთ, რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- არანაირი სიახლე და წინსვლა. ერთ ადგილზე არიან გაჩერებული. უცნობია გამოძიება რა ეტაპზეა, ასევე უცნობია დაკითხეს თუ არა იმ ბარის თანამშრომლები, ვისთანაც დადიოდა ეს ირანელი. არ ვიცი მივიდნენ თუ არა ნინოშვილის ბაზარში, სადაც მოჰამადამინ როოინტანი ვაჭრობდა. ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მივაწოდე, მართლა მიკვირს ამდენ ხანს რატომ არ დაიჭირეს. მე მეუბნებიან, რომ თურქეთში ჰყავთ დაჭერილი, გამოძიება კი ამ ინფორმაციას უარყოფს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამს ირანის მოქალაქესთან ნაცნობობა აკავშირებდა...
- პოლიციას წაღებული ჰქონდა მარიამის კომპიუტერი, ტელეფონი და დადასტურდა რომ ბავშვს მასთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.
- მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, მარიამის ნათლია მომხდარს რიტუალს უკავშირებს, თქვენც იგივე აზრზე ხართ?
- მგონია, რომ მოხდა შეკვეთილი მკვლელობა, ასე ვფიქრობ და რა ვქნა.
- ვის უნდა შეეკვეთა თქვენი შვილის მკვლელობა, მტრები გყავთ?
- არ ვიცი... (დუმს) ვაიმე, აბა რატომ უნდა მოეკლა, რიტუალს ასრულებდა? ჩამოვიდა ბათუმში რომ მსხვერპლად შეეწირა? გული მიგრძნობს და მგონია, რომ რიტუალი აქ არაფერ შუაშია. ამიტომ უნდა მოხდეს ამ საქმის პროფესიონალურად გამოძიება, ამ საქმეს ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგნენ.
0