12:00:25     19-09-2013
რა აკავშირებს კალაძეს ზესტაფონში მომხდარ ავარიასთან, რომლის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა?
ზესტაფონში მომხდარი ავტოავარია, გუშინ საღამოდან მოყოლებული მედიის მთავარი განხილვის თემაა. ინციდენტის შედეგად 28 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ხარტია ძნელაძე გარდაიცვალა.
ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, ხატია ძნელაძეს დიდი სისწრაფით მომავალი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა.
თვითმხილველები ადასტურებენ რომ ხატია ძნელაძეს მთავრობის “სპეცავტომანქანა” დაეჯახა.
„argotv“- ზე გასულ სიუჟეტში, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ არის გადაღებული ქვეითზე დაჯახებული მანქანა უკვე გაყვანილია და კადრებში არსად ჩანს (იხილეთ ვიდეომასალა).
ინფორმაცია, რომ კახა კალაძის ესკორტის მანქანა გოგონას დაეჯახა პორტალმა “ზონა news”-მა გუშინ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
კახა კალაძის განცხადება:
"მინდა, გამოვეხმაურო დღეს მომხდარ სამწუხარო ფაქტს. პირველ რიგში, აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი ექსკორტი შეეჯახა მოქალაქეს და სვლა განაგრძო, სამწუხარო ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. არც პირადად მე, არც სხვა რომელიმე ჩემი თანმხლები პირი დღეს სამინისტროს შენობიდან, თბილისიდან არ გასულა.
ბაქოში ვიზიტის დაწყებისას გავიგე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, როგორც შემატყობინეს, ჩემი დაცვის წევრი ოჯახის კუთვნილი მანქანით თავის ახლობლებთან ერთად მოძრაობდა ზესტაფონის მიმართულებით და მოახდინა შეჯახება ახალგაზრდა ქალზე.
იმედი მაქვს, ქალბატონის ტრავმები და დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ შეიცავს, ძალიან განვიცდი პიროვნულად მძღოლის და დაზარალებულის ოჯახის წევრების, ორივე მხარის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ცალკე თხოვნა მექნება მედიის წარმომადგენლების მიმართ - ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ ამ შემთხვევას პოლიტიკურ დატვირთვას, ავტოავარია თავისთავად ტრაგედიაა მონაწილე მხარეებისთვის და სამწუხაროდ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, შეემთხვეს. მესმის, პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა, მაგრამ პატივი ეცით პირველ რიგში, ქალბატონის ოჯახს, მედიის ობიექტურობას და მაქსიმალურად ვეცადოთ დაზარალებულის ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, რათა ხელი შევუწყოთ ყველამ მის დროულად გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.
0