11:54:09     18-09-2013
სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს კაბინეტიდან გამოვიდეს

"მთავრობა აკეთებს წარმოუდგენელ კატასტროფას. შეაჩერა ბათუმის უნივერსიტეტი, შეაჩერეს შემოვლითი რკინიგზა, შეაჩერეს ლაზიკა. რა სულისშემძვრელ დოკუმენტებზე ლაპარაკობს? პრემიერ-მინისტრი იქექება 5 წლის წინანდელ ამბებში და კაცმა არ იცის რაში, როდესაც მისი ხელით ინგრევა საქართველო.
ამაზე არ უნდა ამოვიღოთ ხმა და წარსული უნდა ვქექოთ მუდმივად? იქექოს რამდენიც უნდა, მაგრამ დაანებოს თავი ახლანდელი პროექტების გაჩერებას"- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში ვიზიტისას გააკეთა.
მან პრემიერი ივანიშვილი მნიშვნელოვანი მშენებლობის გაჩერებაში დაადანაშაულა.
„ბიძინა ივანიშვილი 5 წლის წინანდელ ამბებში იქექება, იქექოს რამდენიც უნდა, მაგრამ დაანებოს თავი პროექტების გაჩერებას. სანამ პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთხელ მაინც გამოვიდეს კაბინეტიდან“,- დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
„ჩვენმა დამპყრობელმა, რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, რათა საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი - საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა - ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ენა და კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ქართველებად ვრჩებით!..
ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავაგრძელებთ საქართველოს წინსვლას. იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომელმაც იციან ქართული ენა და შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო და არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენს შორის ურთიერთობის განვითარება სურთ და უნდათ, რომ საკუთრი მემლექეთი საქართველო ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალქეობას. თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი“.
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში, სამსუნის რაიონში ქართულ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. „ჩარშამბას“ აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ. ქვეყნის პირველი პირი ქართულ სოფლებს ჩათაქსა და ქაბაგდაღს ესტუმრა, სადაც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ხელმოწერილი აქტები. ჩათაქიდან ქაბაგდაღში მგზავრობისას ქვეყნის პირველ პირს მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსული თანამემამულეები დახვდნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი აჭარულ სახლში მიიპატიჟეს.
მიხეილ სააკაშვილი იმერ და იათენ ილმასებმა საკუთარ ოჯახშიც მიიწვიეს, სადაც პრეზიდენტს საგანგებოდ დაახვედრეს ქართული ტრადიციული კერძები.