15:38:20     17-09-2013
რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად შეიყვანა

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად შეიყვანა.
აღნიშნული შესახებ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მთავარ ოფისში არაფერი იციან.
როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი აცხადებს, ქართული მხარე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.
„ ჩვენი მხრიდან რეაგირება შესაბამისი იქნება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის აღიარებული გაერო-ს და მსოფლიოს ქვეყნების 99%-ის მიერ და ბუნებრივია, არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ნებისმიერი ფორმით, ცალკე როგორც ქვეყნის მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების ნებისმიერ პროგრამაში გამორიცხულია. გავგზავნეთ სპეციალური წერილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შესაბამის განყოფილებაში ამ უსიამოვნო ამბის გასარკვევად და დასანაინი გაუგებრობის დროულად აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან ელგუჯა ბერიშვილმა.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული საკითხის პოლიტიკური შეფასებით დაინტერესდა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ზაქარეიშვილმა ჩვენ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„პრესა.ჯი“: რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად შეიყვანა, არის თუ არა ეს რუსეთის პასუხი დამთბარი ურთიერთობის სანაცვლოდ?
- „დაუკავშირდით პრესსამსახურს, მე მოვრჩი ოჯახში აღზრდილი ადამიანი ვარ და მხოლოდ ამიტომ არ გითიშავთ ტელეფონს...“
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის წარმომავლობა დასადგენია.
აბაშიძე: ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს. ოლიმპიური კომიტეტის საიტზე აფხაზეთი და არც ოსეთი არ ფიგურირებს. მე არ ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაცია, ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ოლიმპიური კომიტეტის საიტზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი არ ფიგურირებენ.
რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტის მიერ რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად შეიყვანის ფაქტს მძაფრი შეფასება გაუკეთა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
„სოჭის ოლიმპიადიაზე ერთ-ერთ სარეგისტრავიო ფორმაში პუტინმა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამონათვალში შეიყვანა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ილიმპიადაში და "ქართველი ტერორისტების" მოგერიებაშიც ეხმარება პუტინს! არადა, ხომ ზუსტად ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა?! ასევე ზუსტად ვიცით, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთება იმისთვის, რომ თუნდაც მოსყიდვით, თუნდაც არაფორმალურად, თუნდაც იქ ჩასული ქართველების დასამცირებლად, აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" სპორსტსმენების და მათი ერების "გენოციდის", "თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ საუკუნოვანი სწრაფვის" შესახებ ზღაპრებით აუჩუყოს გული ოლიმპიადის ცივილიზებულ და ნაკლებად ინფორმირებულ მონაწილეებს და მათი აღიარების საქმეში დახმარება თხოვოს!! საქართველოს მთავრობა, ოლიმპიური კომიტეტი, ჩვენი ნაკრებების წევრები მერეც იტყვიან, რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში??!! მაგრამ ამაზე უფრო მაინტერესებს, ერთი ქართველი სპორტსმენი მაინც თუ აღმოჩნდება ამ მასკარადში მონაწილეთაგან, ვინც საგანგებო პრესკონფერენციას ჩაატარებს წარმატებული გამოსვლის შემდეგ და იტყვის, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უკვე ორი ათეული წელია, რაც ასი ათასობით ქართველი აყარეს საკუთარი სახლებიდან, მიწებიდან და მას მერე დევნილობაში ცხოვროვენ, იტყვის, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მას სჭირდება ევროპის და საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ რუსეთმა თავისი ტანკები და სამხედროები გაიყვანოს საქართველოდან და დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუდნენ??!!!! მხოლოდ ასეთი პატრიოტის საქციელი მოწმენდს საკუთარი დამპყრობლის მიერ მოწყობილ ოლიმპიადაში მონაწილეობის სირცხვილს მთელ საქართველოს და იმ დაღუპულ გმირებს, რომლებიც ამ დამპყრობელთან ბრძოლას შეეწირნენ“,- წერს დეპუტატი.
0