15:26:22     10-09-2013
„რუსმა ოკუპანტებმა ეროვნებით აფხაზი ჯონი ჭკადუა შურისძიების ნიადაგზე დააკავეს“
![a25479.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25479.jpg)
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა, აფხაზეთიდან დევნილი 25 წლის ჯონი ჭკადუა დააკავეს. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა აფხაზეთში ენგურის ხიდის ე.წ ოფიციალური გამშვები პუნქტით გადავიდა, თუმცა უკან მობრუნებულს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობეს, დაკავებული ეროვნებით აფხაზია, თუმცა ოთხი წლის წინ ე.წ. აფხაზურ პასპორტზე უარი განაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ის ბოლო 20 წელიწადია საქართველოში ცხოვრობს.
დაკავებულის ცოლის ძმა, თამაზ ლაკირბა ჭკადუას დაკავების ფაქტს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ჭკადუასთან ერთად აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარი ლაკირბამაც თქვა და ზუგდიდში დასახლდა.
”ამბობენ, რომ ჯონი ჭკადუას არ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან და მას 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, ის სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნათესავია. ამიტომაც ვთხოვ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს დაგვეხმარონ იმაში, რომ ვიხსნათ უდანაშაულო ადამიანი მოსალოდნელი საფრთხისგან” - აცხადებს თამაზ ლაკირბა. ოჯახი ბას საქართველოს მთავრობას და საერთაშორიო ორგანიზაციებს სთხოვს.
ლაკირბას ინფორმაციით, ჯონი ჭკადუა გალის რაიონის სოფელ სიდაში, რუსი ოკუპანტების შტაბში იმყოფება.
ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობას ადგილობრივები „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ თხილის სეზონის დაწყებისთანავე იმატა რუსი ოკუპანტების მხრიდან მოქალაქეთა დაკავების ფაქტებმა.
ე.წ სამშვიდობო ძალები ადგილობრივი მოსახლეობისგან თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ თანხებს ითხოვენ. ამიტომ ჭკადუების ოჯახს იმედი აქვსთ რომ შვილს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოუშვებენ. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს დაკავებულის სიძეს - თამაზ ლაკირბა მიიჩნევს, რომ 25 წლის ბიჭის დაკავება შურისძიებას უკავშირდება.
„არავითარი გათავისუფლება ფულის სანაცვლოდ, ეს არის შურისძიება, რადგან მან ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო“, - აცხადებს ის.
0