17:46:36     09-09-2013
ვისი დაკვეთით მოკლეს პატიმარი - ოჯახი სუბარის პასუხისმგებლობას ითხოვს
გეგუთის ციხეში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დავალებით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა ხათუნა კორტავა სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს კორტავას მამიდამ განუცხადა, პროკურატურის დასკვნის მიუხედავად მას სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარზე აზრი არ შეუცვლია.
ხათუნა კორტავა: სამართლიან სასამართლოს მოვითხოვ. ვისაც ჩემი შვილის წამებაში იოტისოდენა დანაშაული მიუძღვის, ყველა საბრალდებო სკამზე უნდა აღმოჩნდეს. დასადგენია ვინ დაგეგმა და შეუკვეთა ლევან კორტავას მკვლელობა.
მე პოზიცია არ შემიცვლია. მომხდარში პასუხისმგებლობა მინისტრ სუბარსაც ეკისრება. ეს შემზარავი ფაქტი ხომ მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა. მეტიც, მან მომხდარის დამალვაც კი იკადრა. მე დასაკარგი არაფერი მაქვს...
- აცხადებთ, რომ ალეკო ბაბუნაშვილს, გიგა კოხოძეს და თენგიზ ნასარეიას გარდა კორტავას მკვლელობაში სხვებიც არიან გარეულნი?
- ჩემს ინტერესში უდანაშაულო ადამიანის გამწარება არ შედის. ისე ვერ მოვექცევი სხვას, რის გაკეთებასაც ესენი აპირებდნენ... უდანაშაულო პატიმრისთვის უნდოდათ „შეეტენათ“ ლევანის მკვლელობა. ვითხოვდი და კვლავაც მოვითხოვ შინაურიძის, კუჭავას და თქვენ მიერ ნახსენები პაიკების დასჯას. ასევე უნდა დაისაჯონ ციხის მაყურებლებიც.
- ოფიციალური ინფორმაციით ლევანი ციხის ინსპექტორთან კონფლიქტს შეეწირა...
- ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე ვიცოდი მომხდარის რეალური მიზეზი და ვამბობდი კიდეც. ჩემმა შვილმა გეგუთის ციხეში გადაყვანის შემდეგ ინსპექტორს ნამდვილად მოსთხოვა ფსიქოტროპული აბები, რასაც ადმინისტრაციის მხრიდან მოჰყვა უმოწყალო ცემა.
ლევანი ციხის ადმინისტაციასთან მარტო მიიყვანეს, რაც ამყარებს ჩემს ეჭვს, რომ მოხდა წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. ციხიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის დღეს, ლევანს ერთ ხელში ქვაბი მეორეში კი ჟაკეტი დააჭერინეს, თუმცა ისე იყო ნაცემი, რომ ვერ იკავებდა ვერაფერს და დაბლა უცვივდებნოდა.
ბავშვი დახმარებას და პრეპარატს ითხოვდა. ამ დროს ადმინისტრაციის თანამშრომელი მის გამოწვევას ცდილობდა და ეუბნებიდა რომ აქ ვერ იბლატავებდა. პატიმრებმა მითხრეს, რომ ამის შემდეგ ინსპექტორმა ამოიო ჯიბიდან ფურცლის ნაგლეჯი, სადაც თურმე ლევანის სახელი და გვარი ეწერა... დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ლევანის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი“.
პატიმარ კორტავას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის 23 მაისს გახდა ცნობილი. მაშინ სურაბი ურცხვად იტყუებოდა, რომ პატიმარი კიბიდან დაგორდა.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა სამინისტროს პოზიციაში ეჭვი შეიტანა. სოციალურ ქსელში კი ნაწამები პატიმრის ფოტოები გავრცელდა, სამინისტრომ ოფიციალური განცხადება შეცვალა და მომხდარი პატიმრებს შორის დაპირისპირებას დაუკავშირა.
რამოდენიმე კვირის წინ კი გეგუთის მეთოთხმეტე დაწესებულებაში გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გეგუთის ციხის თანამშრომლები და წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
გამოძიებისას გაირკვა, რომ ლევან კორტავას ფსიქოტროპული წამლების გაცემის საკითხზე შელაპარაკება მოუვიდა უსაფრთხოების ინსპექტორ ილია შანშაშვილთან. ინციდენტის შემდეგ შანშაშვილის დავალებით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მეტსახელად "ბულდოგამ" ლევან კორტავა გაიყვანა დაწესებულების მეექვსე კორპუსის, მესამე სართულზე 318 საკანში და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მას სასტიკად გაუსწორდა.
მთავარი პორკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, ლევან კორტავას ცემა მას შემდეგ შეწყვიტეს რაც მას ცხვირიდან სისხლი წასკდა. თუმცა საკანში დაბრუნებულ კორტავას სხვა მსჯავრდებულებმა მიაკითხეს და ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხვა საკანში.
გამოძიების ინფორმაციით, ლევან კორტავას 10 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ და მასზე ფიზიკური ძალადობა მაშინაც არ შეწყვეტილა, როცა ლევან კორტავამ გონება დაკარგა. ის მიღებული დაზიანებებით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გეგუთის ციხის რამდენიმე თანამშრომელი და ყოფილი პატიმარი დააკავა, რომელმაც ნოემბერში ციხე სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა.
სასჯელაღსრულების დაკავებულ თანამშრომლებს ბრალად ედებათ დანაშაულისათვის ხელისშეწყობა და დაფარვა. ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მისულ გამომძიებელს ილია შანშაშვილმა ცრუ ადგილი მიუთითა და განაცხადა, რომ ლევან კორტავა მეორე სართულის კიბიდან დაგორდა და დაზიანებები ამის შესდეგად მიიღო.
0