15:05:40     09-09-2013
ვაშაძე ივანიშვილზე: რომ მიდის, სად მიდის და ვის გვიტოვებს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში თვითმმართველობებსა და გამგეობებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაზემ „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ხელისუფლების განსაკუთრებული აგრესია ეხება იმ რაიონებს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.
ვაშაძის ინფორმაციით, ბოლო წლის განმავლობაში თანამდებობები მხოლოდ იმ გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნეს, რომლებმაც კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ რომელიმე პარტიაში გადაინაცვლეს ან უპარტიოები გახდნენ. ხოლო ისინი, ვინც პარტიული ინტერესების ერთგულნი დარჩნენ, დააკავეს.
გიორგი ვაშაძე: რეგიონებში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, სისტემატიურად ხდება ზეწოლა და შანტაჟი. ხდება მათი დაკავებაც.
სრულიად აბსურდული მიზეზებით დააკავეს გამგებლი, დაკავებულია მარტვილის გამგებლის მოადგილეც, ასევე პოლიტიკური ნიშნით მოხდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება. იცით რომ სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ეს პიროვნებები არსებით განხილვამდე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულნი არიან, მაგრამ შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ისახავს მიზნად მიღწეულია - ისინი თანამდებობებს აღარ იკავებენ.
- არის თუ არა, ბურჯანაძე ბაქრაძისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი?
- პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ნინო ბურჯანაძის ირგვლივ შექმნილია უბრალოდ ხმაური და არა შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ამ არჩევნებზე. ჩვენ მას რეალურ კონკურენტად ნამდვილად არ განვიხილავთ. რაც შეეხება ამ „ქართული ოცნების“ როლს, ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიაში, მათი მიზანია დაეხმარონ ბურჯანაძეს ამ ხმაურის ატეხვაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმები დააკლდეს.
- ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს პრემერის განცხადება, ევრაზიულ კავირში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე...
- პრემიერი ივანიშვილი ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად გვიმტკიცებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან ერთად. ეს მიდგომა არის „ნონსენსი“, რადგან თუ ჩვენ ნატოში შევდივართ და ეს ორგანიზაცია არის ჩვენი პრიორიტეტი, მაშინ ევრაზიული კავშირი არც უნდა განიხილებოდეს.
თუ ჩვენთვის ღრმა და ყოვლის მომცვლელი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან არის მთავარი პრიორიტეტი, მაშინ პუტინის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ფიქტიც კი გამორიცხულია.
ივანიშვილმა არასწორი განცხადება გააკეთა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მას ეს შეცდომა ეღიარებინა, ბოლო დღეებია ამტკიცებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანა ევრაზიულ კავშირშიც თამამად იყოს.
- ივანიშვილი გეგმავს პოსტი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე დატოვოს, რას უკავშირებთ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას?
- ივანიშვილის გადაწყვეტილებას ვუკავშირებ იმ შეუსრულებელ ვალდებულებას, რომელიც წინასაარჩევდოდ უხვად გაიცა. ის არ აპირებს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას, რადგან მას ამის უნარი ან სურვილი არ აქვს.
მოდით პირდაპირ კითხვა დავსვათ: რომ მიდის, სად მიდის და ვის გვიტოვებს? ძალიან მარტივი საკითხია - ხალხმა ხმა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის დაპირებებს მისცა და არა იმ ადამიანებს, რომლებიც მის გუნდში არიან.
0