15:27:20     24-01-2011
"ჩემი რძალი ძალიან ნიჭიერ, შემტევ ფეხბურთელს მაგონებს".
მომღერალი სოფო ხალვაში წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ახლა კი მწვრთნელის, რევაზ ძოძუაშვილის ოჯახში სიმღერ–სიმღერით შევიდა და ასე შეაყვარა ყველას თავი. რძალ–მამამთილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ბატონი რევაზი ოცნებობს, სოფო მსოფლიო ვარსკვლავად იხილოს. ამიტომ არ მოსწონს, როცა სოფო, სიმღერის გარდა, სხვა რამითაც არის დაკავებული. მამამთილი რძლის უპირველესი ქომაგია და, ტყუის თუ არა, ყოველთვის მის მხარეს იჭერს.
ძოძუაშვილების ოჯახში ერთი პატარა ქალბატონიც ცხოვრობს, რომელიც ყველას "უფროსია" – პატარა ეთო ძოძუაშვილი. მისი სიტყვა ყველასთვის კანონია. ბაბუა მის მომავალზე უკვე აკეთებს პროგნოზებს და ამბობს, რომ ეთოც დედის კვალს გაჰყვება, მომღერალი გახდება.
– ამბობენ, რომ მამამთილებს განსაკუთრებით უყვართ რძლები. სოფო, ეთანხმებით ამ შეხედულებას?
სოფო: ძალიან ტკბილი და თბილი ოჯახი გვაქვს, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. რეზო ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. როცა არ ვმუშაობ და დაკავებული არ ვარ, მეუბნება, ასე ნუ იქცევი, არ შეიძლებაო. მეც, რა თქმა უნდა, მის აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვუჯერებ. ვიცი, რომ ყველაფერს ჩემს სასარგებლოდ მეუბნება.
რევაზი: ხელოვანი და ფეხბურთელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივეს დიდ აუდიტორიასთან გვიწევს მუშაობა. ფეხბურთშიც და ხელოვნებაშიც ერთი გზაა გასავლელი. რაც მე გავიარე, სწორედ იმავე გზას გადის სოფოც. მას სპორტსმენივით ბევრი შრომა უწევს, ისწრაფვის, რომ პროფესიონალი გახდეს, ამიტომ ყველაფერში ვუგებ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიხარია, ჩემი რძალი ასეთი კარგი გოგო რომ არის. სოფო ძალიან ნიჭიერ, შემტევ ფეხბურთელს მაგონებს. თავისი სიმღერით მთელ ოჯახს გვახარებს, პირველ რიგში, კი ჩემს შვილს, მიშიკოს. ჩემი რძალი მართლა ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ჩემი დიდი ოჯახის წევრია.
– რა ცვლილებები მოხდა თქვენს ოჯახში სოფოს შემოსვლის შემდეგ, რა სიახლეები შემოიტანა რძალმა?
რევაზი: სანამ სოფო ჩვენი ოჯახის წევრი გახდებოდა, ყველა სპორტით ვცხოვრობდით. მერე სოფოს სახით კიდევ ერთი დიდი "ფეხბურთელი" და მომღერალი შემოგვემატა. მისი წყალობით, ახლა მხოლოდ ფეხბურთზე აღარ ვლაპარაკობთ, სპორტს სიმღერაც დავუმატეთ. პირველ რიგში, სოფომ ის მოახერხა, რომ ჩემი შვილი შეცვალა. ვერ წარმოიდგენთ, მიშიკოში რამხელა ცვლილება მოახდინა. ბიჭს ფეხბურთელად ვზრდიდი, სოფომ კი თავისკენ გადაიბირა, მუსიკითაც დააინტერესა და ახლა სიმღერებში რაღაცეებს იქექება.
სოფო: მიშიკო ძალიან კარგი მსმენელია.
რევაზი: ჩემმა შვილმა სოფოში, პირველ რიგში, სილამაზე დაინახა და მისი არაჩვეულებრივი ხმით მოიხიბლა.
– ბატონო რევაზ, თქვენ როგორ აფასებთ ხოლმე სოფოს ნამღერს, რას ეუბნებით?
რევაზი: მაგალითს ისევ ფეხბურთიდან მოვიყვან. ფეხბურთელებმა იციან ხოლმე შეკითხვა, ხომ კარგად ვითამაშეო. კაცო, შენ იმიტომ ხარ კარგი ფეხბურთელი, რომ სწორედაც კარგად უნდა ითამაშო. თუ თავს პროფესიონალად თვლი, მაშინ ყოველთვის საუკეთესო თამაში უნდა აჩვენო. მე მინდა, რომ სოფომ ყოველთვის კარგად იმღეროს, მაგრამ ხვალინდელი ნამღერი ყოველთვის უნდა ჯობდეს დღევანდელს და არასოდეს უნდა დასვას კითხვა, ხომ კარგად ვიმღერეო. მე, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელს, სოფოსაც კრიტიკულად ვაფასებ. ხანდახან შევა სამზარეულოში და რაღაც საჭმელებს აკეთებს. ამ დროს ვეუბნები, ეგ შენი საქმე არ არის და თავი გაანებე–მეთქი. ხაჭაპურის გაკეთება ამის საქმე არ არის და რა ძალა აქვს, რატომ უნდა გააკეთოს?! სოფოს ასეთი რაღაცეებისთვის არ სცალია, რადგან მისი ხვალინდელი გამოსვლა დღევანდელზე უკეთესი უნდა იყოს! ამისთვის სამზარეულოში ტრიალი კი არა, სიმღერაში მეცადინეობაა საჭირო. მიუხედავად ამისა, მაინც გაძვრება ხოლმე და საჭმელებს გვიმზადებს.
– მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში ფუსფუსს უშლით, გულში ალბათ მოგწონთ მისი ნახელავი. რომელი კერძი გამოსდის ყველაზე გემრიელი?
რევაზი: როგორი მაგარი ხელოვანიც არის, ისეთივე კარგი მზარეულია, ძალიან კარგი ხელი აქვს. მის მომზადებულ მაკარონსაც კი სულ სხვა გემო აქვს. იცით, რა შევატყვე? როცა საჭმელს აკეთებს და თან მღერის, მაშინ უგემრიელესი გამოსდის, როცა მოღუშულია, მისი მომზადებული კერძი ისეთი გემრიელი აღარ არის.
– სოფო, თქვენ როგორ გრძნობთ თავს ფეხბურთელების ოჯახში?
რევაზი: თავიდან ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა.
სოფო: ამ სპორტით არასოდეს დავინტერესებულვარ, ფეხბურთის მატჩებს არ ვუყურებდი. ახლა უკვე ნელ–ნელა მივეჩვიე და ამათთან ერთად მეც ვუყურებ ხოლმე.
რევაზი: სოფო, აღიარე ახლა, რომ ფეხბურთი ძალიან მაგარი ნარკოტიკია!
სოფო: ჰო, შეიძლება. სხვათა შორის, ადრე იტალიას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ესენი ბრაზილიის ნაკრებს ქომაგობენ და მეც გადამიბირეს.
რევაზი: ცუდია, რომ უცხო ქვეყნის გუნდებს ვგულშემატკივრობთ, რადგან, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს და ძალიან დავიჩაგრეთ. ჩვენი ფეხბურთი დიდ ჭაობშია ჩაფლული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე შევძლებთ მის ამოყვანას. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან სწორ გზას დავადგებით და ჩვენი ფეხბურთით და ფეხბურთელებით კვლავ ვიამაყებთ.
– ბატონო რევაზ, უფროსი თაობის წარმომადგენლები უმცროსებს ხშირად აძლევენ შენიშვნებს. რა მოგწონთ და რა არა თქვენი შვილების თაობაში?
რევაზი: მიუხედავად იმისა, რომ სოფოს თაობას მეტი საშუალება აქვს, განათლება მიიღოს და ამაში ძალიან უწყობთ ხელს კომპიუტერი, მე მათ არასოდეს ვათქმევინებ ჩემზე, ჩამორჩენილი კაციაო. ესენი თუ კომპიუტერის ენით მელაპარაკებიან, მე პედაგოგიკის ენით დაველაპარაკები.
– სოფო მიშიკოზე განაწყენებული რომ ნახოთ, როგორი რეაქცია გექნებათ, ვის მხარეს დაიჭერთ?
რევაზი: სოფო ტყუის თუ არა, მაინც მის მხარეს ვიჭერ და მიშიკოს ვეჩხუბები. ეს ხელოვანი ადამიანია და როგორ შეიძლება ვინმემ გამიბრაზოს?! მე სოფოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ და ორი დღეც რომ ისე გავიდეს, არ იმუშაოს, უკვე შემოვუძახებ ხოლმე, დროა, გამოცოცხლდე და ისევ აქტიურად იმუშაო–მეთქი.
– სოფო, როცა უფროსი ადამიანის რჩევა გჭირდებათ, მამამთილს თუ მიმართავთ დასახმარებლად?
სოფო: ჩვენ ყოველთვის ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და სახლში ყველაფერს ერთობლივად ვაკეთებთ.
რევაზი: მრგვალ მაგიდასთან შემოვსხდებით ხოლმე და პრობლემას ყველა ერთად ვწყვეტთ.
სოფო: ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. სხვათა შორის, ფეხბურთელებთან დაკავშირებით რეზოსაც ვაძლევთ ხოლმე რჩევებს.
– პატარა ეთოზეც მოგვიყევით. ვის ჰგავს?
სოფო: ძოძუაშვილებს ჰგავს ყველაფრით.
რევაზი: სიმღერის ნიჭით შენ გგავს. ჯერ 3 წლის არის, მაგრამ ვატყობ, რომ ხელოვანი გაიზრდება. ვიცი, ინტუიცია არ მიღალატებს და, თუ დედასავით კარგი მომღერალი გამოვა, მეც ძალიან გამიხარდება.
სოფო: ჯერ ვერ ვიტყვი, ეთო რომელ პროფესიას აირჩევს.
რევაზი: ვიცი, რომ შენს გზას გააგრძელებს. მე დედაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, ფეხბურთელი გამოხვალო. როცა ვეკითხებოდი, შენ რა იცი–მეთქი, მპასუხობდა, ფეხმძიმობისას მუცელში ფეხებს მირტყამდი და მივხვდი, ფეხბურთელი გამოხვიდოდიო.
სოფო: ეგრე ეთოც მირტყამდა მუცელში ფეხებს. ასე რომ, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ მაინცდამაინც ჩემს გზას გაჰყვება.
რევაზი: კარგი, სოფო, ბავშვს აშკარად ეტყობა, რომ ხელოვანი გაიზრდება.
– როცა მშობლები ბავშვს უბრაზდებიან, საშველად ბაბუასთან გარბის ხოლმე?
რევაზი: არა, ეთოს არავინ უბრაზდება, პირიქით, ისეა განებივრებული, რომ ყველას აქეთ გვეჩხუბება.
სოფო: თვითონ გვებუტება, რომ ზედმეტი არაფერი ვუთხრათ.
– ალბათ სასიამოვნო განცდაა, როცა იცით, რომ თქვენს რძალს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
რევაზი: რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე მინდა, სოფოში მეტი შემოქმედებითი მუხტი დავინახო. მინდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს. სოფოს საამისოდ ყველაფერი აქვს. ისიც კი მინდა, რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა დაემართოს.
სოფო: არა, მე არ მინდა, რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა დამემართოს და არც ის ვიცი, საერთოდ ეს რას ნიშნავს.
რევაზი: მე აგიხსნი, რასაც ნიშნავს და ერთ მაგალითს მოგიყვან. როცა ფეხბურთელი ორი საათი ვარჯიშობს და ამის წყალობით ბევრს მიაღწევს, შექებას დაიმსახურებს, მერე თავში უვარდება და მხოლოდ ნახევარ საათს ვარჯიშობს. სოფო იმით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც აქვს. სულ წინ და წინ უნდა იაროს. მჯერა, რომ ამას შეძლებს.
სოფო: ჩემი მამამთილი თავისი საქმის პროფესიონალი, მსოფლიო ფეხბურთის ჯარისკაცია.
რევაზი: ახლა მინდა, რომ მარშალი გავხდე. ვიცი, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
სოფო: რეზოსი მჯერა. იმდენად არის ფეხბურთზე შეყვარებული, რომ არ არსებობს დღე, დილას და საღამოს ფეხბურთის მოედანზე არ გავიდეს.
რევაზი: ეს ჩემი ცხოვრების საქმეა და სხვანაირად არ შემიძლია.
Sana.ge
0