14:39:07     05-09-2013
ყოფილმა პატიმარმა სიძე დაჭრა - სისხლიანი გარჩევა მელაანში
![a25441.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25441.jpg)
სისხლიანი გარჩევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში. პოლიციის მტკიცებით, ილია ჯავახიშილმა თანასოფლელი დავით დათუაშვილი გულმკერდის არეში დაჭრა. დაიჭრა დათუაშვილის დედა - ნაირა წიკლაურიც.
როგორც „პრესა.ჯი“-ს მელაანის რწმუნებულმა და დათუაშვილის ახლო ნათესავმა, მეგი დათუაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჭრილმა ცოლად ჯავახიშვილის ბიძაშვილი შეირთო.
„სისხლიანი გარჩევა უკავშირდება დათოს გადაწყვეტილებას. სამი კვირის წინ მან ცოლი შეირთო, რომელიც ილია ჯავახიშვილის ბიძაშვილია. დათო ილიასთან და ცოლის ძმასთან ადრე მეგობრობდა.
თუმცა, მას შემდეგ რაც ცოლად ძმაკაცის და შეირთო, ოჯახი გოგოს არ ურიგდებოდა. გუშინ კი ილია ჯავახიშვილი მისულა დათოსთან 10 წუთის შემდეგ ხმაური ატეხილა და დაუჭრია დათო“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მეგი დათუაშვილმა.
მისი ინფორმაციით, დაზარალებულ დედა-შვილს პირველადი სამედიცინო დახმარება გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი ისინი თბილისში - ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, ხოლო ქალბატონს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.
დათუაშვილის ინფორმაციით, ილია ჯავახიშვილი ყოფილი პატიმარია. სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
„როგორც ვიცი ის ყოფილი პატიმარია. ამ დროისთვის ჯავახიშვილი დაკავებული არ არის“,- განაცხადა დათუაშვილმა.
მომხდარ ფატქს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა იყო თუ არა ნასამართლევი ილია ჯავახიშვილი, ღარიბაშვილის უწყებაში ამაზე არ საუბრობენ.
„ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში.
0