13:50:12     28-08-2013
1924 წლის აჯანყება და ნაციონალური მოძრაობის სპეციალური განცხადება

ნაციონალური მოძრაობის განცხადება
დღეს, 28 აგვისტოს, საქართველო აღნიშნავს 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების დაწყების თარიღს. ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია დამოუკდებელი საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების უხეშად დარღვევით და საქართველო-რუსეთის 1921 წლის ომის შედეგად ოკუპაციას. ბოლშევიკებს საქართველოში არასდროს არც ერთ თავისუფალ არჩევნებში არ გაუმარჯვიათ - 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მხოლოდ 700 ხმა მიიღეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რამდენიმე დღეში ოკუპანტებმა 10 ათას ადამიანზე მეტი დახვრიტეს. მათ თითქმის მთლიანად გაანადგურეს საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, სიცოცხლეს გამოასალმეს მრავალი ოფიცერი, გენერალი, პოლიტიკური პარტიების ათასობით წევრი.
გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ქართველ სამღვდელოებას - ოკუპანტებმა დახვრიტეს ათასობით მღვდელი, მღვდელთმთავარი და შეურაცხყვეს ათასობით ეკლესია და ტაძარი. კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვა ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელთა და მონაწილეთა თავდადება საქართველოს თავისუფლებისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმსახურებს ყველა პატრიოტისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის უდიდეს პატივისცემასა და მოწიწებას.
1924 წლის აჯანყება ასევე გვახსენებს კრემლის დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი მტრულად განწყობილი მმართველების შეურიგებელ დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ.
0