17:44:40     16-08-2013
გრიგოლ კვინიკაძე: პროკურატურისა და მოსამართლის გადაწყვეტილებას ვაფასებ დადებითად
![a25352.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25352.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები - გივი კრავჩენკო, გრიგოლ კვინიკაძე, ზაზა ჭაია, ვლადიმერ გამრეკელაშვილი, გოჩა ჩიტაია და გოჩა ბაღათრიშვილი პატიმრობიდან 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მიმდინარე წლის მაისში დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსნების გათავისუფლების შუამდგომლობა, პროკურორმა ია დარჯანიამ იმით ახსნა, რომ ექვსივე ბრალდებული, დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„პრესა.ჯი“ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის გადწყვეტილების შეფასებისთვის „სამართალდამცავთა ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერს, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი ფირცხალავას დაუკავშირდა.
ირაკლი ფირცხალავა: „მოხარული ვარ რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მამები დაუბრუნდნენ შვილებს, ქმრები მეუღლეებს. მთავარი მიზანი მიღწეულია. „სამართალდამცავთა ლიგის“ სახელით მადლობა მინდა გადავუხადო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს, რომ მათ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიაღწიეს შეთანხმებას.
ასევე დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ არ მოხდა ძალაუფლების გამოყენება. საბედნიეროდ, არ ყოფილა მოსამართლის ან პროკურატურის მიმართ ეს უბედური თანამდებობრივი ზეწოლა, რასაც ველოდებოდით.
დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს საქმეებსაც ასეთივე ობიექტურად გამოიძიებენ. მნიშვნელობა არ აქვს, გენერალია ეს, პოლკოვნიკი თუ რიგითი მოქალაქე, იარაღის ჩადება აღმოფხვრილი უნდა იქნას“.
„პრესა.ჯი“ გირაოთი გათავისუფლებულ გრიგოლ კვინიკაძესაც დაუკავშირდა. პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი „პრესა.ჯი“-სთან გააკეთა.
გრიგოლ კვინიკაძე: „პროკურატურისა და მოსამართლის გადაწყვეტილებას ვაფასებ დადებითად. ეს იყო ობიექტური გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროსა და პროკურატურას. იმიტომ რომ ჩვენი თანამშრომლობა გაითვალისწინეს. ჩვენ დავიკითხეთ და ყველამ მართებული, სწორი ჩვენება მივეცით. მოსამართლემ კი კანონშესაფერისი გადაწყვეტილება მიიღო“.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
პროკურატურის განცხადებით: „გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის უშუალოდ მონაწილეების, მათ შორის, უშუალო აღმსრულებლების, პატიმრობაში მყოფი კრავჩენკოს, კვინიკაძის, გამრეკელაშვილის, ჭაიას, ჩიტაიასა და ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.
აქიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მათთვის აღმკევთი ღონისძიების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“.
პროკურატურაში აცხადებენ რომ ყოფილი პოლიციელების აღიარებითი ჩვენებების შემდეგ, საქმეში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი ხიზანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება.
P.S: აღსანიშნავია რომ თავდაპირველად, დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებდნენ, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.
0