16:22:48     13-08-2013
ზურაბიშვილის შემდეგ თანამდებობას პაატა ზაქარეიშვილი ტოვებს?

პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ივანიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ არ წყალობს. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ზურაბიშვილის შემდეგ ჯერი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე მიდგა.
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სავარძელს მალე დაემშვიდობება.
არსებული ინფორმაციით, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზაქარეიშვილმა საქართველოს პატრიარქისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სკეპტიკურად შეაფასა და განაცხადა, რომ "ამ შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს".
„პრესა.ჯი“-მ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება პირადად პაატა ზაქარეიშვილთან სცადა, თუმცა მინისტრი ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა.
ზაქარეიშვილი: ეს არის ზღაპარი, არავინ არსად მიშვებს, დაკმაყოფილდით პასუხით?
ზაქარეიშვილის შესაძლო მოხსნის შესახებ პროგნოზის გაკეთბა უჭირს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ზურაბიშვილს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ განუცხადა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შესაძლო მოხსნაზე ინფორმაციას არ ფლობს.
კითხვაზე ებრძვიან თუ არა კოალიციის შიგნით „რესპუბლიკურ პარტიას“ ზურაბიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. - „საქმე ასე დრამატულადაც არ არის“.
ხმები, რომ ივანიშვილს „რესპუბლიკელები“ არ „ეპიტნავება“ ბოლო თვეებია აქტიურად განიხილება. შიდა დაპირისპირებაზე კომენტარს არ აკეთებს პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე ის "მე-9 არხის“ ეთერში მოკლე პასუხით შემოიფარგლა.
"რესპუბლიკელები რასაც ვიტანთ და ავიტანთ, ყველას ვთხოვთ, იმის ნახევარი აიტანოს", – განაცხადა უსუფაშვილმა და გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე თუ ვისგან უწევთ რესპუბლიკელებს დარტყმების ატანა, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ "ყველასგან".
0