12:40:51     13-08-2013
მერაბიშვილი: ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა ამ დოკუმენტის გადმოცემის პროცესი

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ამერიკული "დენსუსის" მიერ მომზადებული დოკუმენტის გამოქვეყნებას ეხმაურება. მერაბიშვილი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი ლიდერების შეფასებით პოლიტპატიმარი და ივანიშვილის პირადი მძევალია, ციხიდან აფასებს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს.
"დღეს, ჩემი ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა განხორციელდა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში.
აღნიშნული დასკვნის მოზადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუკვეთა კერძო კომპანიას. დასკვნის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან, თუმცა არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და პოლიტიკურად გამოყენებული.
ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. მე არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მსგავს ბრალდებაზე თავის მართლება და შესაბამისად, არც მიფიქრია ამ დოკუმენტის ადრე გამოქვეყნების ან მისი შენახვის თაობაზე.
სწორედ ამიტომ, ჩემს ადვოკატებს დასჭირდათ სერიოზული შრომა ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა ამ დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა.
იმის გამო, რომ მე მოკლებული ვარ საშუალებას თავად მოვიძიო ჩემი დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ჩემს ადვოკატებს უწევთ დიდი შრომის გაწევა, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი მათ.
მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ბრალდება ჩემს წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა".
0