12:38:33     13-08-2013
ჭიათურაში ტაქსის მძღოლი წამებით მოკლეს და ხევში გადააგდეს
![a25326.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25326.jpg)
საზარელი მკვლელობა მოხდა ჭიათურაში. სოფელ კაცხის ტყეში, 50 წლის ამირან თაბაგარის გვამი იპოვეს.
თაბაგარი ტაქსის მძღოლი იყო . მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გვიან ღამით, სამმა ახალგაზრდამ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულის ძებნა გუშინ დილიდან დაიწყო და დაახლოებით, 18:00 საათზე, მისი გვამი სოფელ კაცხის ტყეში აღმოაჩინეს.
ეჭვმიტანილებმა გარდაცვლილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, წამებით მოკლეს და ხევში გადააგდეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თაბაგარის ავტომანქანით ზესტაფონის ტერიტორიაზე დააკავეს.
გიორგობიანის ინფორმაციით, პოლიცია კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებს.
„ერთი პირი დაკავებულია, ორი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია. ამჟამად მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“,- აღნიშნა შს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
ამირან თაბაგარის გვამი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
0