17:04:02     09-08-2013
"გავიგეთ, რომ მარიამის მკვლელი თურქეთში დააკავეს, თუმცა მისი ექსტრადირება არ ხდება"
„ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ მარიამის მკვლელი (ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი) თურქეთის პოლიციას დაკავებული ჰყავს, მაგრამ მისი საქართველოში ჩამოყვანა არ ხდება“,- ეს განცხადება მარიამ კოჩალიძის ნათლიამ ნატო კვინტრაძემ „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუსას გააკეთა.
კვინტრაძემ აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებში გადამოწმებაც გვთხოვა.
„პრესა.ჯი“: მკვლელობიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, შს სამინისტრომ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა, თუმცა დამნაშავე დაკავებული არ არის...
- დავრწმუნდი, რომ შედეგს ვერ მივაღწევთ. გთხოვთ სხვა კითხვას ნუ დამისვამთ, ჩვენ ქვეყანაში სამართლის მიღწევა ძალიან რთულია.
- არსებობს იმის ალბათობა, რომ მარიამის მკვლელობას შს სამინისტრო ბოლომდე არ ხსნის და ეჭვმიტანილის დაკავებას აჭიანურებს?
- არ ვიცი, ფაქტია, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შს სამინისტროსგან ვერაფერს ვგებულობთ. ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი თურქეთის პოლიციას დაკავებული ჰყავს, მაგრამ მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. ძალიან მინდა გთხოვოთ ჟუნალისტებს იქნებ გაგვირკვიოთ ეს ინფორმაცია".
ინტერვიუს შემდეგ ჩვენ შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძრანელ ნინო გიორგობიანს ვკითხეთ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ კოჩალიძის მკვლელი თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
ნინო გიორგობიანი: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ეჭვმიტანილის თურქეთში დაკავების ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება".
ბათუმის ბულვარში 22 ივლისს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ოჯახი "პრესა.ჯი"-ს საშუალებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბესელია მოკლული მარიამის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
როგორც კოჩალიძის ნათლიამ ნატო კვინტრაძემ განაცხადა, ბესელია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გულგრილი შეხვდა.
ნატო კვინტრაძე: "ბესელია იმასაც კი ვერ მიხვდა, რატომ ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშს. ურცხვად გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ ჩემი მარიამის მკვლელობაში აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი იყო. ბავშვს ყელი გამოჭრეს და თურმე ეს საგანგაშო არ არის. ბესელიასნაირი უსინდისო ადამიანი ვერასდროს მიხვდება რა ზიანი მოგვაყენა მან ამ განცხადების გაკეთებით".
0