12:32:15     09-08-2013
ვინმე თენგო, დამნაშავე პოლიციელი, რომელსაც შსს ხელს აფარებს
ირაკლი ღარიბაშვილი მოძალადე პოლიციელს ამჯერადაც ხელს აფარებს. „პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2 დღის წინ ბარ ,,შერიფში" მომხდარი ინციდენტის მთავარი მონაწილე, ნასვამი პოლიციელი, რომელიც მიმტან გოგონას გაუპატიურებით დაემუქრა, დაცვის წევრებს კი შეურაცხყოფა მიაყენა, შს სამინისტროს თანამშრომლებს არც კი დაუკითხავთ. სამაგიეროდ დააკავეს ბარის დაცვის თანამშრომლები.
წყაროს ცნობით, ბარ „შერიფის“ დაცვის წევრები სასტიკად არიან ნაცემები. „პრესა.ჯი“ ბარის მიმტან გოგონას, თაკო მამულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც პოლიციელის თანამშრომლის მიერ განხორციელებული მუქარისა და თანამშრომელთა მისამართით გინების ფაქტი დაადასტურა.
„ეს პოლიციელი ჩვენი კლიენტია. თუ არ ვცდები, თენგო ჰქვია. გვარს ვერ ვიხსენებ. მასთან ნაცნობობა გვაკავშირებდა. ხშირად ნასვამ მდგომარეობაში შემოდიოდა შემდეგ კი ჩხუბს ატეხავდა ხოლმე. იმ დღესაც ასევე მიოქცა, ხელი მკრა, საქმეში ჩვენი ბარის თანამშრომლები ჩაერთვნენ და სცადეს თენგოს დაკავება. ის ისევ აგრძელებდა გინებას. ამის შემდეგ ბიჭებმა გამოიძახეს პატრული. ჩვენდა გასაკვირად, პოლიციის თანამშრომლებმა დაცვის ბიჭები დააკავეს“,- აცხადებს ბარის მიმტანი.
„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შეეცადა, თუმცა გიორგობიანი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
0