17:53:07     07-08-2013
„პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიას პოლიციის უფროსი შეეწირა - რატომ გვატყუებდა შსს?
შს სამინისტრო იძულებული გახდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მესტიის პოლიციის უფროსი, ილია გერლიანი.
„პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა იმის შესახებ რომ ილია გერლიანმა პოლიციის სახსრების გამოყენებით, მესტიაში ქელეხი გადაუხადა კანონიერი ქურდის, ბესო ჯაფარიძის ძმას.
ჩვენ ვწერდით რომ გერლიანის დავალებით, კანონიერი ქურდის ძმის ქელეხისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგეს ზუგდიდიდან მესტიაში პოლიციის „პიკაპებით“ ეზიდებოდნენ.
სტატიაში აღნიშნული იყოს იმის შესახებაც რომ მას შემდეგ, რაც ეს ამბავი შს მინისტრმა გაიგო, საქმის შესასწავლად მესტიაში გენ-ინსპექცია გაგზავნა.
მიუხედავად ამისა, მაშინ „პრესა.ჯი“-თან საუბრისას შსს-ს პრეს-ცენტრის უფროსი, ნინო გიორგობიანი აცხადებდა რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ის არც მესტიაში გენ-ინსპექციის გაგზავნის ფაქტს ადასტურებდა.
მაშინ, გიორგობიანის მსგავსად, "პრესა.ჯი"-ს უმრავლესობის წევრებმაც არ დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია.
მეტიც, მათ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტს განუცხადეს რომ მესტიის პოლიისა და მისი უფროსის შესახებ გამოქვეყნებული სტატია "სიცრუეზე იყო აგებული და რედაქცია პასუხს აგებდა".
თუმცა, შსს-ს დღეს ოფიციალურად მოუწია იმის აღიარება რომ „პრესა.ჯი“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრული სიმართლე იყო.
დღეს, ნინო გიორგობიანმა ოფიციალურად დაადასტურა მესტიაში გენ-ინსპექციის გაგზავნის ფაქტი და განაცხადა რომ საქმის შესწავლის შემდეგ ილია გერლიანი ორგანოებიდან დაითხოვეს.
სააგენტო ინტეპრესნიუსი
„მესტიის პოლიციის უფროსი ილია გერლიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გერლიანის გათავისუფლების მიზეზი გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები იყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა მესტიის სამმართველოს უფროსი ილია გერლიანი და თანამდებობრივად დაქვეითდა მისი მოადგილე მანუჩარ გირგვლიანი", - განმარტა გიორგობიანმა“, - წერს სააგენტო ინტერპრესნიუსი.
იხილეთ „პრესა.ჯი“-ს მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული სტატია. (გადადით ამ ბმულზე)
0