17:10:57     05-08-2013
ხათუნა კორტავა: სუბარმა ციხე "მაყურებლებს" ჩააბარა
„ე.წ ციხის მაყურებლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულება ხელში მინისტრმა სუბარმა პირადად ჩაუგდო “,- ეს განცხადება „პრესა.ჯი“-სთან გეგუთის ციხეში წამებით მოკლული 24 წლის პატიმრის ლევან კორტავას მამიდამ გააკეთა.
ხათუნა კორტავა გამოძიებას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს დანაშაულის ჩაფარცხვასთან“
ხათუნა კორტავა: არავის არ უნდა შერჩეს ლევანის ერთი წვეთი სისხლი, მაგრამ არ მჯერა,რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ. დავუშვათ ერთმა ჩინოვნიკმა გაიმეტა, სად იყვნენ დანარჩენები, ციხეში მარტო ერთი კაცი მუშაობს? რაც შეეხება მაყურებლების მიერ ცემის ფაქტს, ამის მჯერა, რადგან სუბარმა ციხე გასაკონტროლებლად მათ ჩააბარა.
ხათუნა კორტავა არასამთავრობოების მირ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას. პატიმრის ჭირისუფალი იმედს გამოთქვამს რომ გამოძიების ობიექტურად ჩატარებაში არასამთავრობოებიც მიიღებენ მონაწილეობას.
არასამთვარობოებმა კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება დღეს გაავრცელეს.
„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცველება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ერთი მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები.
"მოვუწოდებთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს: უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები“,- ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველსაც მიმართავს და უჩა ნანუაშვილს აღნიშნული ფაქტის კონკრეტული გარემოებების შესწავლისკენ მოუწოდებს.
„ციხეში ე.წ მაყურებლების“ არსებობას საგანგაშოს უწოდებს "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა.
„აუცილებელია დაისაჯოს ყველა დამნაშავე, არ უნდა ხდებოდეს შერჩევითი მართმსაჯულებით ადამიანების დასჯა. საქართველოში, ჯერ კიდევ მრავალი შემთხვევაა, როდესაც ფიქსირდება სამსახურეობრივი გულგრილობა პენიტენციალურ სისტემაში. თუნდაც ბოლო პერიოდში გახმაურებული ფაქტი, ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას მოთხოვნაა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა აღნიშნული შემთხვევა. ასევე, ობიექტურად იქნეს გამოძიებული ინციდენტი“,- განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
„საზოგადოებრივი ინიციატივა“ მზადყიფნას გამოთქვამს ჩაერთოს ციხის ალტერნატიული მონიტორინგის პროცესში.
0