14:27:00     05-08-2013
რას ჰყვება პოლიციელ კუპრავას მსხვერპლის და - „პრესა.ჯი“-ს ექსკლუზივი
![a25272.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25272.jpg)
აბაშაში პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამო 15 წლის ბიჭმა (მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) თვითმკვლელობა სცადა. აღნიშნული ფაქტი დღეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა „პირველი რადიოს“ პრეს კლუბში გამართულ ბრიფინგზე გაახმაურეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, აბაშის პოლიციის თანამშრომელი ირაკლი კუპრავა მოზარდს თანაკლასელების დასმენას და მათთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებას აიძულებდა.
„მას შემდეგ კი რაც მოზარდმა პოლიციელს დასმენაზე უარი უთხრა, კუპრავამ მასზე დედის თვალწინ განახორციელა ძალადობა. მოვითხოვთ შსს-მ რაც შიძლება მალე გამოიძიოს ეს ფაქტი და მკაცრად დასაჯოს პოლიციელი, ვინც მოზარდზე ძალადობა განახორციელა.მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არაინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და სახალხო დამცველის აპარატში და იმედს გამოვთქვამთ რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" - განაცხადეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა.
„პრესა.ჯი“ დაზარალებულ მოზარდს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. დუმს მისი დედაც. რაც შეეხება ოჯახის კიდევ ერთ წევრს, 15 წლის ბიჭის დას, მან „პრესა.ჯი“-ს დეტალურად მოუყვა მის ძმასა და პოლიციის თანამშრომელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ.
„პოლიციელი ირაკლი კუპრავა, ჩემ ძმასთან ხშირად მოდიოდა, პოლიციის თანამშრომელი ჩვენი მეზობელია. მისი მეუღლე კი დედაჩემის თანამშრომელი. როგორც ჩემი ძმა ამბობს კუპრავამ მას პოლიციასთან თანამშრომლობა შესთავაზა. უთხრა დაესმინა მისი კლასელები და თვეში 200 ლარს გაშოვნინებო.
ჩემი ძმა პოლიციელის შემოთავაზებას არ დათანხმდა, რის შემდეგაც ირაკლი კუპრავამ დედაჩემთან ერთად მას შეურაცხყოფა მიაყენა. დედას უთხრა, თქვენმა შვილმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმიდან ე.წ ხის საჭრელი „დრუჟბა“ მოიპარაო.
ჩემი ძმა იფიცებოდა, რომ უდანაშაულო იყო. მხოლოდ იმას აღიარებდა რომ სახლმუზეუმის ეზო დაანაგვიანეს და დაჰპირდა პოლიციელს რომ უახლოეს დროში დაალაგებდა.
დედაჩემი, რა თქმა უნდა მკაცრად გაუბრაზდა ჩემ ძმას. ამის შემდეგ ირაკლი კუპრავა, ჩემ ძმას ხშირად აძლევდა შენიშვნებს და შეურაცხყოფას აყენებდა. ხალხის წინ აგინებდა. რის შემდეგაც ჩემმა ძმამ ძლიერმოქმედი გულის წამალი (6 აბი) დალია და თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა მახსოვს ძალიან ეშინოდა და წარამარა გვეკითხებოდა ირაკლი კუპრავა ხომ არ მოსულა ქუთაისის საავადმყოფოშიო. ამბობდა რასაც ის მთავაზობს ვერ გავაკეთებო.
თავის მოძღვრისთვისაც დაურეკავს მიშველეო. მამაომ დედას უთხრა ეს ამბავი, რის შემდეგაც უფრო მვაქციეთ მის სიტყვებს ყურადღება.
როგორც ჩემმა ძმამ გვითხრა, დაახლოებით 22:00 საათზე ის პოლიციის მანქანამ გააჩერა. გამოკითხეს სად და ვისთან მიდიოდა, ამას უფიქრია ეტყობა კუპრავამ გამოაგზავნაო და უთქვამს კიდევაც რომ მასთან ნაცნობობა აკავშირებდა.
არ ვიცი ეტყობა ამ პოლიციელებმა უთხრეს ირაკლი კუპრავას, ზვიადიმ შენზე გვითხრაო, გაბრაზებულს დაურეკავს ჩემი ძმისთვის და უთქვამს არ დაგინდობ გაგანადგურებო. ჩემი ბიძაშვილი ჩავსვი ციხეში, არ დავინდე და შენც იგივე გელისო.
ეტყობა შეეშინდა და ამიტომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა. მას შემდეგ რაც ეს ფაქტი სოფელში გახმაურდა და მივიდა ირაკლის ყურამდე მისი ცოლი დაგვადგა თავზე და პირდაპირ მოგვახალა: ენას კბილი დააჭირეთ. არავის უთხრათ ეს ამბავიო. გვითხრა ამისთვის შეიძლება ირაკლის მხოლოდ პრემია მოაკლონო“.
რაც შეეხება ირაკლი კუპრავას, „პრესა.ჯი“- მ მასთანაც სცადა გასაუბრება. თუმცა, პოლიციელმა კუპრავამ აგრესია ვერ დამალა და თითქმის ყვირილით გადაგვამისამართა შს სამინისტროს პრესსამსახურთან.
„მიმართეთ შსს-ს პრეს-ცენტრს, თქვენთან არანაირი საქმე არ მაქვს“, - გვითხრა გაღიზიანებულმა კუპრავამ.
ამ დროისთვის უცნობია დადგება თუ არა მოძალადე პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
P.S: იმის გამო რომ პოლიციელ კუპრავას მსხვერპლი არასრულწლოვანია, ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მისი და მისი ოჯახის წევრების (დის და დედის) სახელსა და გვარს (თუმცა გვაქვს აუდიოჩანაწერი). ვიმედოვნებთ რომ ღარიბაშვილის ბაქი-ბუქის პარალელურად, შსს პოლიციელ კუპრავას სათანადოდ დასჯის.