13:57:17     05-08-2013
რა დაავალეს ივანიშვილს და რატომ აქებს მას მედვედევი?
რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის თავზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ახლებური სიმწვავით იჩინა თავი.
"Russia Today"-სთან ინტერვიუში მედვედევი აცხადებს, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაფერი სიმართლე თქვა".
დიმიტრი მედვედევი: „საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა. მან ხომ ყველაფერი სიმართლე თქვა, რომ ყველაფერი მათი პროვოცირებული იყო და კონფლიქტი მათ გააღვივეს. ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, მაგრამ ეს ვაჟკაცური სიტყვებია“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ომის შემდეგ ბევრი რუსი პოლიტიკური მოღვაწე საუბრობდა სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მან ჩაიდინა დანაშაული არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ რუსი სამშვიდობოების წინაშე. ყველა მცდელობა საკმაოდ მალე შეჩერდა. რატომ არ მოხდა ეს?“- მედვედევი განმარტავს, რომ ეს არის დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებასთან.
„კაცობრიობას ოდესღაც ეყო ძალა და ნება იმისთვის, რომ ნიუნბერგის პროცესზე ნაცისტები გაესამართლებინა. არსებობს ტრიბუნალის მიერ მიღებული სხვა თანამედროვე მაგალითები. ყველაფერი ქვეყნების პოზიციის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა.
საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა, იმიტომ, რომ იმის მიუხედავად, რაც მოხდა, მისმა პოლიტიკურმა ძალამ კრახი განიცადა“,- აცხადებს პრემიერი მედვედევი, რომლის პოზიცია ამ საკითხზე სამწუხაროდ ემთხვევა ამომრჩევლის მიერ ხმათა უმრავლესობით არჩეული მთავრობის მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას.
მიმდინარე წლის 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ივანიშვილი მედიასაშუალებათა ხელმძღვანელებს ხვდებოდა, მან თქვა, რომ თუ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიების პროცესში შეკითხვებს პრეზიდენტსაც დაუსვამენ, ის ამას „გაგებით უნდა მოეკიდოს“, რადგან ამაში არაფერი იქნება არანორმალური და უკულტურო.
„მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მოქმედებაში მოვიდა და დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს.
გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, ჭორების დონეზე რაც მუსირებს საზოგადოებაში“- განაცხადა ივანიშვილმა.
მედვედევის განცხადებების შეფასებისათვის „პრესა.ჯი“ ივანიშვილის პირად წარმომადგენელს ოკუპანტებთან ურთიერთობებში, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. მან, ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა და მიზეზად „შეხვედრა“ დაასახელა.
„პრესა.ჯი“: ბატონო ზურაბ, რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი სრულდება, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი აცხადებს, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველაფერი სიმართლე თქვა, რომ ყველაფერი მათი პროვოცირებული იყო"...
- ძალიან დიდი ბოდიში, ახლა არა რა. მერე დამირეკეთ.
- როდის მერე, იქნებ ახლა მიპასუხოთ?
- ახლა შეხვედრაზე ვარ და...“
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პირველი პირის დაპატიმრება, რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი დაკვეთაა.
„ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მოთხოვნაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს“,- აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანი.
0