17:52:30     01-08-2013
„მოხსნან ლოთი სუბარი და დაიჭირონ ის ჯალათები, ვინც წამებით მომიკლა შვილი“
![a25259.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25259.jpg)
წამებით მოკლული 24 წლის პატიმრის ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მის შვილი (გარდაცვლილი მამიდამ გაზარდა) ჯერ ციხის ადმინისტრაციამ აწამა შემდეგ კი გეგუთის ციხის მაყურებლის, ლაშა კვანტალიანის დავალებით პატიმრები გაუსწორდნენ.
„პრესა.ჯი“-თან ინტერვიუში გარდაცლილის მამიდა აცხადებს, რომ ციხეს ე.წ მაყურებლები ლაშა კვანტალიანი და ზვიად ყვილიშვილი მართავენ.
ხათუნა კორტავა: ლევანი გეგუთის ციხეში 12 პატიმართან ერთად შეიყვანეს, ორი საათის შემდეგ თორმეტივე მსჯავრდებული საკნებში გაანაწილეს. ჩემი ბიჭი კი ადმინისტრაციამ დაიტოვა. ჩემ შვილს იქ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენელი დახვდა და სასტიკად აწამეს. ცოცხალმკვდარი ბავშვი ალბათ ტკივილისგან ჰყვიროდა.
ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა კვანტალიანს „დაეწყნარებინა“, რის შემდეგაც ლევანს უკვე პატიმრები გაუსწორდნენ. პროკურატურას ერთკვირიან ვადას ვაძლევ, თუ არ იქნებიან სათანადოდ დასჯილნი ჩემი შვილის მკვლელები, დავიწყებ უვადო შიმშილობას“.
კორტავების ინფორმაციით, საქმის ობიექტურად გამოძიებას, გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე ბლოკავს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მალხაზ სინაურიძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი და ამ დრომდე არ არის დაკავებული, ბლოკავს გამოძიებას, რადგანაც ახალ მთავრობაში გავლენიანი პირი კრიშავს.
მთავრობის გავლენიან წევრს სინაურიძესთან ნათელ-მირონობა აკავშირებს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ქუთაისის საოლქო პროკურორებთან. ზუსტად ვიცი რომ მათ აქვთ სრული სურათი იმისა, რაც მოხდა ციხეში, თუმცა ობიექტური შედეგის დადების საშუალებას „ზემოდან“ არ აძლევენ“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ხათუნა კორტავამ.
გარდაცვლილის მამიდა არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგში წავიდეს. ხათუნა კორტავა ხელისუფლებას აფრთხილებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და მოხსნან სოზარ სუბარი.
„მოხსნან ლოთი სუბარი და დაიჭირონ ის ჯალათები, ვინც წამებით მომიკლა შვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მთავრობას არჩევნების მშვიდ ვიარებაში ჩატარების საშუალებას არ მივცემ. გახსენით საქმე, თორემ დიდი სიურპრიზი გელოდებათ“,- განაცხადა კორტავამ.
შეგახსენებთ რომ 24 წლის ლევან კორტავა გეგუთის კოლონიაში წამებით მოკლეს. ის ხერხემალში იყო გადამტვრეული, მოტეხილი ჰქონდა კისერი და აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება.
თავდაპირველად, მინისტრმა სუბარმა განაცხადა რომ კორტავა კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალა. საზოგადოებისა და ოჯახის მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვერსია შეცვალა და პატიმრის გარდაცვალება კოლონიაში მომხდარ ჩხუბს დაუკავშირა. მინისტრს არც ტყუილისთვის და არც წამებით მოკლული პატიმრის გამო, პასუხიამ დრომდე არ უგია. პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს.
0