14:59:44     31-07-2013
მოკლული მარიამის ნათლია: ბავშვი რიტუალს შესწირეს
![a25250.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25250.jpg)
ბათუმის ბულვარში წამებით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეში კვლავ ბევრი კითხვის ნიშანია. ამ დრომდე, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ირანის მოქალაქის, მოჰამადამინ როოინტანის შურისძიება სახელდება. თუმცა, გამოძიება ვერ პასუხობს კითხვას - რატომ იძია შური 16 წლის ბავშვზე 28 წლის ირანელმა?
როგორც გარდაცვლილის გამზდელმა და ნათლიამ, ქალბატონმა ნატალია კვინტრაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, მისი შვილი (მარიამი მასთან ცხოვრობდა) სადისტურ რიტუალს შეეწირა.
ნატალია კვინტრაძე: ბავშვი რიტუალს შესწირეს. სხვას ვერაფერს გეტყვით. ვერიდები ჟურნალისტებს, რადგან არასწორ და კონტექსტიდან ამოვარდნილ სინქრონებს უშვებენ ეთერში.
„პრესა.ჯი“: თქვენი აზრით ამ რიტუალში ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანი იღებდა მონაწილეობას?
- მე იქ არ ვიყავი და ვერ გეტყვით, ვინ აწამა ეს ბავშვი. მარიამს მტერი არ ჰყავდა, არც მის ოჯახს ჰყავდა მტერი რომ ასე გაემეტებინათ, ამიტომ ვთვლი რომ ახალგაზრდა შესწირეს.
- გამოძიების მიმდინარეობის შესახებ რას გვეტყვით, რა კითხვები დაგისვეს გამომძიებლებმა, როგორც ვიცით, გუშინ დაგკითხეს. ..
- ჩვეულებრივ დამკითხეს, გამოძიებას აინტერესებდა მარიამის დახასიათება. სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ძალიან ვარ გაბრაზებული ჟურნალისტებზე. ერთ-ერთი ტელე-ჟურნალისტი მოვიდა, გაძარცულ ნივთებზე მკითხა და სიუჟეტში განაცხადა, რომ თითქოს ოჯახის ვერსიით მარიამის მკვლელობის მოტივი მისი გაძარცვა იყო.
ძვირადღირებული მობილური, ველოსიპედი მკვლელმა დატოვა და ერთ გრამიანი ბეჭედი წაიღო? ეს მოტივი მე არ დამისახელებია და მხოლოდ ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა. ამიტომ არ გენდობით.
- ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიწერა, რომ მარიამი ბოლო დროს ჩაიკეტა და ჯვარი მოიხსნა...
- მორიგი სიცრუე, მას ჯვარი სულ ეკეთა. რატომ ავრცელებენ ამ ჭორებს გაუგებარია“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალ ბულვარში 16 წლის ყელგამოჭრილი გოგონას ცხედარი 23 ივლისს იპოვეს. შს სამინისტრომ შემზარავი ფაქტი გახსნილად მეორე დღესვე გამოაცხადა. ღარიბაშვილის უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია, რომელმაც საქართველოს საზღვარი მკვლელობის დღესვე დატოვა. ამის შემდეგ გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შს სამინისტროს დუმილს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ნაწილი თქვლის, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, დანაშაული პრაქტიკულად გაუხსნელია, დამნაშავე კი თავისუფალი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარიამის ნათლია, სამართალდამცავებმა მხოლოდ გუშინ დაკითხეს.
0