„სააკაშვილის დაპატიმრება პუტინის მოთხოვნაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ასრულებს“ „სააკაშვილის დაპატიმრება პუტინის მოთხოვნაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ასრულებს“ />


  17:12:52     30-07-2013

„სააკაშვილის დაპატიმრება პუტინის მოთხოვნაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ასრულებს“

a25242.jpg

„ის რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აღიქმება პოლიტპატიმრად, ამას მაღალი რანგის პოლიტიკოსების მრავლად გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. 

პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი შეშფოთებულია იმ პოლიტიკური ანფარიშწორებით, რაც საქართველოში ხდება. ხელისუფლებას ეს განცხადებები კარგს არაფერს მოუტანს“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი, „პრესა.ჯი“-სთან კაჩინსკის მიერ საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებების კომენტირებისას. 

„პრესა.ჯი“ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე ესაუბრა. 

სერგო რატიანი: მერაბიშვილის ციხეში გამომწყვდევა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. ნათელი ხდება, რომ ხელისუფლების ინტერესი არ არის  ამ საქმის ობიექტური გამოძიება. 

ჩვენ არასდროს ვამბობდით უარს გამოძიებაზე, უბრალოდ ვაპროტესტებდით მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ის ფაქტი რომ ოპოზიციის ლიდერს ციხეში სათანადო პირობები არ აქვს შექმნილი, უკვე მეტყველებს პოლიტიკურ მხარეზე. ივანიშვილის მთავრობა ცდილობს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო ააშენეს.   

- ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი თენგიზ გუნავას შეიწყალებს... 

- თენგიზთან დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ მის კეთილსინდისიერებაში. თენგო არის ადამიანი, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას რომ ის სამშობლოსთვის თავდადებულია. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი. ხელისუფლება მის დაპატიმრებას ყველა ხერხით შეეცადა. ჩაუდეს ნარკოტიკი, იარაღი, მაგრამ მან თავისი უდანაშაულობა მალევე დაამტკიცა. 

მაშინ გამოჩნდა რომ გუნავა გაცილებით უფრო კარგი პროფესიონალია, ვიდრე ის ხალხი ვინც მის დაკავებაში მონაწილეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ამხილა ის სამართალდამცავები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მივესალმები, ის მართლაც რეალურად აფასებს ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს. 

- ბიძინა ივანიშვილი ბელგიურ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი  სასამართლოს წინაშე წარსდგება, როცა მას საპრეზიდენტო იმუნიტეტი ამოეწურება. რამდენად რეალურია პრემიერის მუქარა? 

- ახალი მთავრობა, პრეზიდენტს 2008 წლის ომის დაწყებაში სდებს ბრალს, რაც არის კაპიტულისტური განცხადება. ეს შედის რუსეთის ინტერესებში. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მოთხოვნაა, რომელსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. 

- უცხოურ პრესასთან საუბარში ივანიშვილმა უკვე მეორედ გააჟღერა მისი სამომავლო გეგმები - ის თანამდებობიდან წასვლას ახალ წლამდე გეგმავს, რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება? 

- ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის თანამდებობას ტოვებს. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ხელისუფლებას გააკონტროლებს. ეს განცხადება სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილი ტიპიური ოლიგარქია, მას სურს პასუხისმგებლობა მოიცილოს თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში თამამად ჩაერიოს და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

0

ავტორი: