15:47:28     30-07-2013
პრეზიდენტი ივანიშვილს მოუწოდებს არ დააბრუნოს სტალინი გორში
![a25240.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25240.jpg)
პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ ივანიშვილს მოუწოდებს გადახედოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გორში სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ.
"ივანიშვილს მოვუწოდებ გადახედოს სტალინის ძეგლის აღდგენის ბრიყვულ გადაწყვეტილებას. სტალინმა საუკეთესო მიწები ჩამოაჭრა საქართველოს. სტალინმა დახვრიტა ათასობით ქართველი და პოლონელი ოფიცერი კატინში. სტალინმა დაიპყრო საქართველო, დააპატიმრა საუკეთესო ქართველები და მას, ახლა, ახალი ხელისუფლება გორში აბრუნებს", - განაცხადა პრეზიდენტმა პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ რომ გუშინ, "პრესა.ჯი"-მ პირველმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების თაობაზე. კულტურის სამინისტრომ დააკმაყოფილა გორის საკრებულოს ინიციატივა და გადაწყდა რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტირანის ძეგლი გორს დეკემბერში დაუბრუნდება.
სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერიაც. ის, პრეზიდენტის მსგავსად, ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯალათის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილება.
სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან 2010 წელს აიღეს, რამაც ქართველი კომუნისტების ადა რუსეთის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია.
0