16:16:52     25-07-2013
უმრავლესობას, კონგრესმენ ტერნერის განცხადების შესაფასებლად დრო არ აქვს

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პოლიტიკური დევნა რომ იწვევს, ამაზე ევროპელი და ამერიკელი ლიდერების კრიტიკული განცხადებებიც მეტყველებს.
საქართველოში არსებული პოლიტიკური დევნის გამო, სხვა ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების მსგავსად, შეშფოთებას გამოთქვავს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი მაიკ ტერნერი.
კონგრესმენი ტერნერი: „საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს კონგრესში. ისინი მოელიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს მართოს ქვეყანა, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ. დევნის, შევიწროვების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია“.
საპარლამენტო უმცირესობა შიშობს, რომ უცხოელი ლიდერების მიერ გამოთქმული კრიტიკის უგულვებელყოფა ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.
ჩიორა თაქთაქიშვილი: „საქართველოს უცხოელი მეგობრებისგან ისმის კრიტიკა სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აშორებს ევროპისგან. განსაკუთრებით საგანგაშოა პრემიერის და მისი გუნდის დამოკიდებულება ევროპელი ლიდერების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე. მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა და გაიაზრონ და გამოასწორონ ის შეცდომები, რომელიც თუნდაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის დაპატიმრებას ეხება.
ივანიშვილის ეს დამოკიდებულება იქნება ქვეყნისთვის სავალალო შედეგის მომტანი. მაღალი რანგის პოლიტიკოსების კრიტიკის იგნორირება გამოიწვევს საქართვეკლოს კიდევ უფრო მეტად დაშორებას ცივილიზებულ სამყაროსთან“.
„პრესა.ჯი“ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა, მათი კომენტარის მოპოვება რთული აღმოჩნდა. ჩვენ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს დავუკავშირდით.
თუმცა უმრავლეობის წევრმა ბერძენიშვილმა კითხვაზე, რატომ საუბრობენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დევნაზე, პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
დუმს ვახტანგ ხმალაძეც, მისი თქმით მას ამ კითხვის პასუხის გასაცემად დრო არ აქვს. ხმალაძე: დრო არ მაქვს, პლენარული სხდომა იწყება.
„პრესა.ჯი“: ბატონო ვახტანგ, მოკლედ შეაფასეთ ამერიკელი კონგრესმენის განცხადება...
- დრო არ მაქვს.
- როდის გათავისუფლდებით, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ?
- ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს“.
0