ოცნება და რეალობა ოცნება და რეალობა />


  15:11:02     25-07-2013

ოცნება და რეალობა

a25201.jpg

„წლის ბოლომდე 60 ქარხანას ავაშენებთ და ათასობით ადამიანს დავასაქმებთ“, - ეს სიტყვები პრემიერმა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თქვა. 

მოგვიანებით, პრემიერმა მასშტაბები უფრო გაზარდა და დასძინა: „წლის ბოლომდე 60 ქარხნის აშენებას ვვარაუდობდი, თუმცა, შეიძლება 100-ც გამოგვივიდეს“. 

მიუხედავად იმისა რომ წლის ბოლომდე 5 თვეა დარჩენილი, არათუ 100, ერთი ქარხანაც არ აშენებულდა და გახსნილა. მეტიც, არჩევნების შემდეგ, საქართველოში ქარხნები კი არ იხსნება, იხურება კიდეც.

ცხადია, საზოგადოება უკვე შეეჩვია ივანიშვილის მიერ საკუთარი სიტყვების უკან წაღებას. პრემიერი ხშირად ცვლის თავის ნათქვამს. მას ხან „ისე არ უგებენ“... ხან აღიარებს რომ „ნაჩქარევ განცხადებას აკეთებს“. 

პრემიერმა სწორედ ნაჩქარევ განცხადებად გაასაღა მისი წინასაარჩევნო დაპირება - პენსიების 220 ლარამდე გაზრდის, გაზისა და ელექტოენერგიის ტარიფების შემცირების, საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევისა და საწვავის საფასურის განახევრების შესახებ.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა რომ 2012 წლის პირველი ომტომბრის შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით შემცირდა. ეს ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტმა გაახმოვანა. ამას დაემატა მაისში ეკონომიკის ნოლ პროცენტიანი ზრდა და უკიდურესად გაუარესებული სოციალური ფონიც. 

ხელისუფლებამ დახმარება შეუმცირა სოციალურად დაუცველებს, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახები, ინვალიდები და ომის ვეტერანები ყურადღების მიღმა დატოვა.

სამაგიეროდ, პრემიერისა და დევნილთა მინისტრის ახალი ინციატივით, უახლოეს ხანში მოხდება დევნილთა დიფერენცირება. დევნილი, რომელსაც თვეში გარკვეული შემოსავალი აქვს, სახელმწიფოსგან დახმარებას ვეღარ მიიღებს. 

მთავრობა ვარაუდობს რომ სახელმწიფო დახმარება რამდენიმე ათეულ ათას დევნილს შეუწყდება, რასაც როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, ისე პოლიტიკოსები აპროტესტებენ.

ისინი თვლიან რომ სახელმწიფო, დევნილებს, დახმარებას არა სოციალური, არამედ პოლიტიკური სტატუსის მოტივით აძლევს. ამიტომ, მათი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია დევნილთა კლასიფიკაციებად დაყოფა და ათეულ ათასობით ადამიანის დახმარების გარეშე დატოვება.  

ფოტოზე, რომელიც სტატიას ერთვის, გამოსახულია „ქართული ოცნების“ მაისურიანი ქალბატონი, რომელიც ნაგვის ურნაში ეძებს სარჩოს. ის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა, თუმცა, იძულებულია თვალი გაუსწოროს რეალობას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას: „ოცნება ფუნთუშაზე არის მხოლოდ ოცნება და არ არის ფუნთუშა“ - მიხეილ სააკაშვილი, 2012 წლის 31 დეკემბერი.
0

ავტორი: