13:01:23     25-07-2013
კონგრესმენი ტერნერი: საქართველოში არსებული დევნის, შევიწროების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია

საქართველოში არსებული პოლიტიკური დევნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი მაიკ ტერნერი.
ტერნერმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"წარმომადგენელთა პალატამ ჩემი შესწორება მიიღო, რათა გამოეხატა საერთო შეშფოთება იმით, რომ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში დაღი დაასვა ბრალდებებმა დევნის, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ.
საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს კონგრესში. ისინი მოელიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს მართოს ქვეყანა, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ. დევნის, შევიწროების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია.
დემოკრატიულ ინსტიტუტებს ისეთი ღირსებით და პატივისცემით უნდა მოპყრობა, როგორც ქართველი და ამერიკელი ერი მოელის. ეს მკაფიო გზავნილი გავუზიარე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია მაიკ ტერნერის განცხადებაში.
ამერიკელი კონგრესმენი ერთადერთი არ არის, ვინც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით, ოპონენტების შევიწროვებაში ადანაშაულებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოში არსებულ შერჩევით სამართალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს.
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს. საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო.
მერაბიშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი პოლიტიკურია.
„მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს", - განუცხადა ლისეკმა მიმდინარე წლის 17 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ კრიტიკული განცხადების გაკეთების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებთან წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა ჩაშალა.
პრემიერ მინისტრს უცხოელი მაღალჩინოსნების კრიტიკაზე ერთი პასუხი აქვს, რომელსაც იმეორებს მთელი უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს "სიცრუეში აცხოვრებს".
0