რატომ ჩაშალა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა? რატომ ჩაშალა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა? />


  13:03:26     18-07-2013

რატომ ჩაშალა ივანიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა?

a25150.jpg

ივანიშვილის მთავრობა მორიგ სკანდალში ეხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა პრემიერ მინისტრ ივანიშვილთან და თავდაცვის მინისტრ ალასანიასთან პროტოკოლით იყო დაგეგმილი, მთავრობის ხელმძღვანელმა უცხოელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა გააუქმა. 

საპარლამენტო უმცირესობაში ამ ფაქტს დელეგაციის წევრების მიერ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონახულება გახდა. რეინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კი ირწმუნება, რომ „ეს იყო გაუგებრობა, მაგრამ არა ქართული მხარის მხრიდან“.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი ვკითხულობთ: „ევროპარლამენტარები შეხვდებიან პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს".

შეხვედრის გაუქმების ფაქტს ადასტურებს ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა არნო დანჟანი.

"პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ომის საკითხები ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ასევე ურთიერთობები რუსეთთან და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ეს იყო ჩვენი ვიზიტის მიზანი და აქედან გამომდინარე ვწუხვართ, რომ არ მოხერხდა შეხვედრა პრემიერ ივანიშვილთან და არც თავდაცვის მინისტრათან.

მიუხედავად იმისა რომ წინასწარ გვქონდა ეს ინფორმაცია. განსაკუთრებით კი გულდასაწყვეტია რომ არ შევხვდით თავდაცვის მინისტრს, რადგან მისი და ჩვენი კომპეტენცია ერთია" - აცხადებს არნო დანჟანი.

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კანდელაკს ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: პრემიერის პრესსამსახურმა უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გააუქმეს. მათი ცნობით, ეს შეხვედრა დაგეგმილი არც ივანიშვილს და არც ირაკლი ალასანიას არ ჰქონიათ. პეტრიაშვილს თუ დაუჯერებთ ევროპარლამენტარების მხრიდან გაუგებრობას აქვს ადგილი...

გიორგი კანდელაკი: ბატონმა პეტრიაშვილმა ისიც თქვა, რომ 27 ივნისს მერიის 23 თანამშრომლის დაკავება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო, შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი მთავრობის დაკვეთით მოხდა. ასე რომ პეტრიაშვილი ვერც ერთ საკითხში ვერ გამოდგება სანდო წყაროდ.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ევროპარლამენტარების ივანიშვილთან და ალასანიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის საიტზე პროტოკოლს, სადაც ჩანიშნულია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთად და თავდაცვის მინისტრთან. ჩვენთვის ეს ოფიციალური ინფორმაცია უფრო სანდოა ვიდრე პრემიერ მინისტრის.

- პრეზიდენტ სააკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა მას შემდეგ გააუქმეს, რაც დელეგაციის წევრები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ...

- სანამ ამ საკითხზე გიპასუხებდეთ, მინდა განვმარტო თუ რა მისია იყო ეს. დელეგაცია შედგებოდა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვე კომიტეტისგან, რომლებიც ჩამოდიან 5 წელიწადში ერთხელ და მათ ევალებათ ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზედამხედველობა.

მსგავსი დელეგაციის სტუმრობა კი მნიშვნელოვანია ჩვენი სუვერენიტეტისთვის, იმისთვის რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ ჰქონდეს ადგილი. ასე რომ დელეგაციასთან შეთანხმებული შეხვედრის გაუქმება ნიშნავს იმას რომ მათ ვიწრო პარტიული ინტერესი დააყენეს საქართველოს ინტერესებზე მაღლა.

- ევროპარლამენტარები მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ...

- ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის არნო დანჟანის აზრით, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკურ მოტივს ატარებს.

არც ეს ადამიანები და არც ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ობიქტური გამოძიების, უბრალოდ ვერ ვხედავთ წინასწარ პატიმრობის აუცილებლობას. ისეთ პირობებში როდესაც ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად ვერ საბნუთდება გამოძიების მხრიდან.

ყველა ხვდება, რომ მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების ინტერესშია, რომ წინაასაარჩევნოდ ჩამოაშორონ ამ პროცესებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას მერაბიშვილი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერმა იაცეკ პროტაშევიჩმა მოინახულა. პარასკევს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ტელეფონით ევროკომისარი ესაუბრა.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ დასავლეთის კრიტიკის შედეგად მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალოს?

- პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაჭერები არ არსებობს. თუ ეს არ ატარებს პოლიტიკურ სარჩულს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეიცვალოს.

ასევე უნდა გათავისუფლდნენ მერიის დაკავებული თანამშრომლები. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ივანიშვილის განცხადებებით, რომლის მიხედვითაც მარტში და აპრილში თვითმართველობის ორგანოებზე ზეწოლა არ გაგრძელდებოდა ეს დაპირებები აღმოჩნდა ტყუილი, რადგან ამ განცხადების შემდეგ დაჭერები, შევარდნები და გადაბირებები გაგრძელდა.
0

ავტორი: