17:41:44     12-07-2013
მოსამართლემ გუნავას 4 წელი მიუსაჯა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას 1 წლით და 6 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვეს. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
თენგიზ გუნავას, რომელსაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდო, პროკურატურა ერთდროულად რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავდოკატთა განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა რეალური მტკიცებულებები, მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
აღსანიშნავია რომ შს და იუსტიციის მინისტრები პირადად იყვნენ გუნავას დაპატიმრებით დაინტერესებულნი.
განაჩენამდე, თენგიზ გუნავა თავის მხარდამჭერებს მოუწოდებდა რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგათ უკან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, მას ბადრაგებმა ხელბორკილები დაადეს და დარბაზიდან გაიყვანეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ხმაური საზოგადოების აქტიურ წევრებს შორის. სოციალურ ქსელებში გუნავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, პატიმართა წამებაში მხილებული ბედუკაძისთვის ინდულგენციის ჩუქების ფონზე აპროტესტებენ.
"გული მერევა იმ ქვეყანასა და ისეთ სამართლიანობაზე, სადაც ბედუკაძე გმირია, თენგიზ გუნავა კი დამნაშავე" - წერენ "ფეისბუქში.