11:52:48     11-07-2013
შსს არ პასუხობს კითხვას - რატომ შეამოწმეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახი სიცრუის დეტექტორზე
არჩევნების წინა დღეს დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ბარბარე რაფალიანცის დედა შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც საქმის პროკურატურისთვის გადაცემის წინაპირობა არ არსებობს.
გარდაცვლილი ჩვილის დედის, თათია მექერიშვილის თქმით, ოჯახმა ღარიბაშვილის უწყების მიმართ ნდობა დაკარგა. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმეში „FBI“-ს ჩართვას კვლავინდებურად მოითხოვენ.
მექერიშვილი: "ნდობა გვაქვს დაკარგული, გამომძიებლებს უნდობლობას ვუცხადებთ. თუ ვერ იძიებენ საქმეს ღარიბაშვილის გამოყოფილი გამომძიებლები, გადაეცეს ის პროკურატურას, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ.
ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ამას რის საფუძველზე იძახის, როცა გამომძიებლებს ვურეკავთ და არანაირ დამაიმედებელს არ გვეუბნებიან".
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გარდაცვლილის დედამ შს სამინისტრო სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მიზნით ოჯახის წევრთა მოტყუებით მიყვანაშიც დაადანაშაულა.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით, მაგრამ გვითხრეს, მთავრობის პირს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წაგვიყვანეს მოტყუებით და დაგვსვეს სიცრუის დეტექტორზე", - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ.
„პრესა.ჯი“ შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერკვია, რატომ მოხდა რაფალიანცების სიცრუილს დეტექტორზე დაკითხვა მოტყუებით და ნიშნავდა თუ არა, ეს იმას რომ გამოძიება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ენდობა. თუმცა შს პრესცენტის უფროსისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ.
ნინო გიორგობიანი: „გამოძიების მიმდინარეობის დროს დამატებით კომენტარებს არ ვაკეთებთ. შეგიძლიათ ნახოთ მინისტრის განცხადება, რომელიც მან ამ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა“.
პრესსამსახურის მიერ მითითებულ ვიდეოში მინისტრი ღარიბაშვილი აღიარებს რომ კოლაგში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა.
„ფაქტობრივად, გამოძიება ჩიხშია. ბარბარე რაფალიანცის საქმის შესახებ ამ დროისთვის სიახლე არ არის. თუმცა, გამოძიება მაინც გრძელდება“, - აცხადებს მინისტრი, რომლის დანიშვნიდან მალევე აცხადებდა, რომ „ამ საქმეს ორ კვირაში გახსნიდა“, თუმცა, მან პირობა ვერ შეასრულა.
ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
ტრაგედია იმავე დღეს პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. მომხდარიდან რამოდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა რომ ჩვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.
აღსანიშნავია რომ მანანა ბერიკაშვილს, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებისათვის ბოდიში ამ დრომდე არ მოუხდია.
0