12:29:40     09-07-2013
კბილაშვილი ივანიშვილს პასუხობს და ბედუკაძისთვის „ინდულგენციის“ ჩუქების მიზეზს განმარტავს

"უამრავი დამნაშავე დადის ქუჩაში და უამრავ დამნაშავეს დღეს შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობაც აქვს", - ასე „გააპრავა“ მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა, დღეს, მის მიერ პატიმართა წამებაში მხილებულ ბედუკაძისთვის გადაცემული „ინდულგენცია“.
"ყველა ვიდეომასალა, სადაც ლადო ბედუკაძის დანაშაულია აღბეჭდილი, თვითონ მან წარმოადგინა. შესაბამისად, შვიდივე ეპიზოდი, რაშიც მას ბრალი წავუყენეთ, თავად მის მიერვე იყო წარმოდგენილი.
მან, „შაჰიდის ქამარი“ შემოიჭირა და დიდი რისკის ფასად გამოიტანა წამების ამსახველი ვიდეომასალა“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გათვალისწინებითაც, მისი აზრით, ლადო ბედუკაძეს სასჯელისგან სრულად გათავისუფლება სამართლიანად ეკუთვნოდა.
თუმცა, არაფერი უთქვამს იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომელიც თვლის რომ წამებაში ბრალდებული პირის სასჯელისგან გათავისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
შეგახსენებთ რომ პრემიერ მინისტრმა გუშინ კბილაშვილს მოუწოდა გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბედუკაძის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შესახებ. ივანიშვილი თვლის რომ პროკურორს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო და რომ ეს შეცდომა იყო.
ლადო ბედუკაძე სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელია. მან პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო თავად, ფარულად გადაიღო და ჟურნალისტებს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ვიდეომასალაში ჩანს რომ ბედუკაძე პირადად მონაწილეობს პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.
წამების ამსახველი ვიდეო-კადრების გავრცელებამ მნიშვნელოვნად განაპირობა "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვება. ბედუკაძემ კი, როგორც ჩანს, ჯილდოდ "ინდულგენცია" მიიღო.
0