11:41:58     09-07-2013
შს მინისტრმა აღიარა რომ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება ჩიხშია
![a25097.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25097.jpg)
შს მინისტრი აღიარებს რომ გურჯაანში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა.
„ფაქტობრივად, გამოძიება ჩიხშია. ბარბარე რაფალიანცის საქმის შესახებ ამ დროისთვის სიახლე არ არის. თუმცა, გამოძიება მაინც გრძელდება“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ რომ არჩევნების წინა დღეს სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა რომ ბავშვი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი ღვინიაშვილმა მოაკვლევინა.
გივი ბერიკაშვილის შვილი, მეოცნებე მანანა ბერიკაშვილი, „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში ურცხვად გაჰყვიროდა იმის თაობაზე, თუ როგორ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 10 თვის ბარბარე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, შს მინისტრმა ღარიბაშვილმა დადო პირობა ამ საქმის ორ კვირაში გამოძიების შესახებ.
თუმცა, მინისტრმა სიტყვა ვერ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 9 თვე გავიდა. დღეს, ღარიბაშვილმა აღიარა რომ გამოძიება ჩიხშია.
მანანა ბერიკაშვილმა თავისი სიტყვები ისე წაიღო უკან, რომ ბოდიშიც არ მოუხდია. ხოლო გივი ბერიკაშვილმა განაცხადა რომ ბავშვი, მისი აზრით, ქვევრში შემთხვევით ჩავარდა და დაიხრჩო.
გარდაცვლილი ჩვილის ოჯახი შს მინისტრსა და „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებს და აქციებით იმუქრება. კოლაგელების აზრით, პოლიცია რაფალიანცის გარდაცვალების გარემოებებს შეგნებულად არ იძიებს.
„თუ ოფიციალურად დადასტურდება რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა მაინც მოუწევს. ამიტომ, პოლიციას ამ საქმის გამოძიება არ აწყობს“, - ამბობენ კოლაგელები.
0