11:29:32     09-07-2013
ღარიბაშვილს არ აქვს პასუხი კითხვაზე - აწამეს თუ არა, მიქაუტიძე პოლიციაში
![a25096.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25096.jpg)
პოლიციის მიერ ნაწამები მამუკა მიქაუტიძის შესახებ, რომელმაც ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, შს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ოჯახს. მე არ ვიჩქარებდი. მინდა დაველოდო გამოძიების შედეგებსა და ექსპერტიზის პასუხებს. ვრცლად გამოძიების დასრულებისთანავე ვისაუბრებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც ჯერჯერობით პასუხი არ აქვს კითხვაზე: აწამეს თუ არა მიქაუტიძე პოლიციაში.
შეგახსენებთ რომ 36 წლის მამუკა მიქაუტიძემ თავი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების შემდეგ მოიკლა. ის თბილისის ზღვის მიმდებარედ იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი.
გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს რომ მას პოლიციამ წამებით დააწერინა ცრუ ჩვენება, მეგობრის წინააღმდეგ, რის გამოც მიქაუტაძემ თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
„პოლიციაში განხორციელებული წამების შესახებ მამუკამ დეტალურად მომიყვა. მითხრა როგორ აწამეს, როგორ დააწერინეს ცრუ ჩვენება თავისი მეგობრის წინააღმდეგ. როცა პოლიციიდან დაბრუნდა სხეულზე დაზიანებებიც ეტყობოდა“, - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.
მიქაუტაძის ცხედარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით კერძო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი დაადასტურა.
0