"ვინ ეკითხება პრემიერს, მთავარ პროკურორს მოუწოდოს გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას" "ვინ ეკითხება პრემიერს, მთავარ პროკურორს მოუწოდოს გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას" /> "/> " />


  14:57:57     08-07-2013

"ვინ ეკითხება პრემიერს, მთავარ პროკურორს მოუწოდოს გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას"

a25091.jpg

ადვოკატთა ასოცოაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ ბედუკაძის მიმართ მთავარი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არადამაჯერებლად მიაჩნია, თვალთმაქცურს უწოდებს. 

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ხატიაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს ბედუკაძის თემა მერიის თანამშრომელთა უკანონო დაკავებისა და მიქაუტაძის საქმის გადასაფარად სჭირდება. 

„პრესა.ჯი“ ადვოკატს ივანიშვილის განცხადების სამართლებრივი შეფასებისთვის დაუკავშირდა. 

ზაზა ხატიაშვილი: „ვინ ეკითხება პრემიერს ან რა უფლება აქვს მთავარ პროკურორს მოუწოდოს გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით კბილაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის უფლებასაც მას კანონი აძლევს.

მე არ ვსაუბრობ იმაზე, რამდენად სამართლიანი თუ არასამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება. ეს სხვა თემაა.  აქ საუბარია იმ უფლებაზე, რომელიც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა უკვე გამოიყენა.

ჩემი აზრით, ივანიშვილმა ბედუკაძის თემა, მერიის თანამშრომლებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის თემისა და მიქაუტაძის საქმის გადასაფარად გამოიყენა. 

ივანიშვილი საკმაოდ თვალთმაქცი და ეშმაკი ადამიანია. პრემიერი ხვდება, რომ ამ ეს ორი საქმე რეზონანსულია და დააზარალებს მის იმიჯს, ამიტომ საუბრობს ბედუკაძის გათავისუფლების არადამაჯერებლობაზე“. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავარ პროკურორს განცხადებით დღეს მიმართა, სადაც ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ ბედუკაძის მიმართ მთავარი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არადამაჯერებლად მიაჩნია. ბიძინა ივანიშვილი არჩილ კბილაშვილს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. 

რამდენიმე კვირის წინ, კბილაშვილმა ერთპიროვნულად აპატია ბედუკაძეს სისხლის სამართლის დანაშაული. ბედუკაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა წამებაში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლდა. 

კბილაშვილს პრემიერის მიმართვაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, არჩილ კბილაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ 12:00 საათზე გააკეთებს.

ხვალ მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილის ტრადიციული შეხვედრა გაიმართება. პრესსამსახურის ცნობით სწორედ ამ ფორმატში უპასუხებს პროკურორი პრემიერს. 

„პრესა.ჯი“ ვლადიმერ ბედუკაძესაც დაუკავშირდა თუმცა, მან მის ადვოკატ ელზა ჯმუხაძესთან გადაგვამისამართა. 

ელზა ჯმუხაძე: „სამართლებრივად პროკურატურა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვერ გადახედავს. ლადო ბედუკაძის მიმართ გამოტანილ განაჩენში პირდაპირ მითითებულია, რომ მან სასიცოცხლო რისკის ფასად სისტემური დანაშაული ამხილა. ეს კი ბედუკაძის  მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სრულ საფუძველს წარმოადგენს“.

ადვოკატის განცხადებით, ბედუკაძე ამ თემაზე ვრცლად რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

0

ავტორი: