საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა />


  11:30:00     04-07-2013

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა

a25075.jpg

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ისევ შეიცვალა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირადღეს გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არჩევნების თარიღის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

 ბარნოვი: "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორის მართლაც გამორჩეულ წარმომადგენლებს. შეხვედრისას მადლიერებით აღვნიშნე კიდეც, რომ მათ სწორი განმარტებები გააკეთეს იმ ისტერიასთან დაკავშირებით, რომელიც არარსებულ სამართლებრივ პრობლემებს შეეხებოდა. ვისაუბრეთ სულ სხვა არგუმენტებზე საუბარი,  შეეხო მიგრაციას, ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს და იმას, თუ რამდენად იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ჩვენი მანამდელი არგუმენტები, რის გამოც მაინც გადაწყდა, საბოლოო ჯამში, ხუთშაბათს ამის დანიშვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც საზოგადოებას, საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს აქვს სწორი, ჩამოყალიბებული აზრი, არგუმენტები, იმისათვის, რომ რაღაც გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ, ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს არჩევნები გაიმართება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირადღეს და სულ მალე ამას ოფიციალურადაც გავაფორმებთ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რომელშიც არჩევნების ახალი თარიღი იქნება დაფიქსირებული,  პრეზიდენტი უახლოეს ხანებში გამოსცემს“.

 პრეზიდენტის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დადებითად შეაფასეს.

ეკა გიგაური: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო": დადებითად შევაფასებდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. უფრო მიზანშეწონილია, რომ არჩევნები ჩატარდეს კვირადღეს, რადგანაც უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს. ზუსტად ეს იყო ჩვენი არგუმენტი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მათ შორის უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უფრო რთული იქნებოდა მთავარობის ინტერესი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

ნინო ლომჯარია- "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი : ჩვენი კვლევებიც და ასევე ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომ სადღაც 40 პროცენტამდეა საქართველოში შიდა და გარე მიგრაცია. ხუთშაბათს არჩევნების დღედ დანიშვნით გამოდის, რომ ამომრჩევლების 40 პროცენტს ეზღუდება და სერიოზული დაბრკოლებები ექმნება არჩევნებში მონაწილეობის. მე მივესალმები ასეთ დროულ რეაგირებას პრეზიდენტის მხრიდან და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები იაქტიურებენ არჩევნების დღეს და ეს მათთვის წამახალისებელი ფაქტორი იქნება, რომ წავიდნენ არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ არჩევნების თარიღად  27 ოქტომბერი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თარიღი შეცვალა და არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა, რასაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტი გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. ისინი თვლიდნერნ რომ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს პრეზიდენტის არჩევის საშუალება არ ეძლეოდათ. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 31 ოქტომბერი აკვიატება არ არის და მან ადმინისტრაციის უფროსს, ანდრო ბარნოვს არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიცვალა არჩევნების თარიღი.

0

ავტორი: