14:07:20     03-07-2013
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე შეშფოთებას გამოხატავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო შეშფოთებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც გამოთქვამს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.
კანდელაკი: "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სესიამ ერთხმად დაამტკიცა შესწორება რეზოლუციაში "ჰელსინკი+40" შემდეგი შინაარსით: 152. იხსენებს რა მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას "საქართველოში სიტუაციის შესახებ" და მიესალმება რა ისტორიაში პირველ ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით, ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან და გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარი პატიმრობის თაობაზე"
დეპუტატის ინფორმაციით, შესწორების წინააღმდეგ პლენარულ სხდომაზე არავინ წასულა, მათ შორის არც ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.
"არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შესწორებას მხარი დაუჭირა ამერიკის დელეგაციამ, რომელიც ასამბლეაზე, როგორც კონგრესმენებით, ისე სენატორებით არის წარმოდგენილი. მათ შორისაა სენატორი კარდინი, "მაგნიტსკის აქტის" ავტორი".
ეუთო არ არის ერთადერთი, ვინც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო აკრიტიკებს. მერაბიშვილის პატიმრობა გააპროტესტეს ევროპარლამენტის დეპუტატებმაც.
მერაბიშვილის არასათანადო პირობებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში თავის მართლება მოუწია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მერაბიშვილის დაკავების გამო შეშფოთებულია.
0