13:39:50     03-07-2013
ბობოხიძე: წამებაში მხილებული პირების გათავისუფლება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

“გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მე ვეთანხმები თქვენს კითხვას და მეც ვუერთდები. თუ ეს ასეა, მე დამატებით გამოვიკვლევ, ასე არ უნდა იყოს. თუ თქვენ ეგ გაქვთ მხედველობაში, რომ ადამიანი წამებაში იღებდა მონაწილეობას და ის საპროცესოთი გამოუშვეს, მე გეთანხმებით თქვენ და დავინტერესდები ამით და თქვენც მოგაწვდით ინფორმაციას”, - ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პასუხი კითხვაზე ხომ არ წააახალისებს მომავალში ადამიანების წამებაში მონაწილე პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
საქმე ეხება ოქტომბრის არჩევნებამდე პატიმრების წამებაში მხილებულ ბასტისა და ბუბუს მეტსახელებით ცნობილ პირებს, ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას რომლელთაგანაც ერთ-ერთმა მეგობართან ერთად ახალი ხელისუფლების პირობებში საბყრობილიე უკვე დატოვა.
ბასტისა და ბუბბუს მსგავსად პატიმართა წამებაში მონაწილე კიდევ 6 პირს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, ბუბუს და გლდანის #8 დაწესებულების კიდევ ერთ თანამშრომელს, მანუჩარ ლომთაძეს, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამ პირებმა სასჯელი უკვე მოიხადეს და ციხე დატოვეს.
საპროცესო შეთანხმებით სასჯელი 5 წლამდე შეუმცირდა ბასტის მეტსახელით ცნობილ ლევან ფხალაძეს. სასჯელზე გარიგება კიდევ 5 პირის მიმართ განხორციელდა.
ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილ თანამშრომელს, რომელთა უმეტესობა ვიდეოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დააკავეს, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებოდათ ბრალად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მიხედვით, ადამიანთა წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ა) მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. 17 ბრალდებულის შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ვადა 6 წლით განისაზღვრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე 14 ივნისს მიიღო.
„პრესა.ჯი“- აღნიშნული განცხადების კომენტირებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ აკაკი ბობოხიძეს დაუკავშირდა, რომელსაც არ სჯერა პრემიერის იმ განცხადების, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა ციხის სკანდალური კადრების შესახებ არ იცოდა.
რაც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძისა და წამებაში მხილებული სხვა პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს დეპუტატი ამბობს, რომ ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალრი მოძრაობა“ დიდი ხანია ითხოვს ციხის სკანდალური კადრების ობიექტურ გამოძიებას და ამ არაადამიანური ქმედების დამკვეთის უმკაცრესად დასჯას, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, თუმცა საქმის გამოძიების ნაცვლად ჩვენ სახეზე გვაქვს შემდეგი გარემოება. ივანიშვილის მთავრობამ ციხიდან გაათავისუფლა წამებაში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე და ფარულავა. თან ეს ადამიანები ისე გათავისუფლდნენ სასჯელისგან რომ დამკვეთის ვინაობა არ დაუსახელებიათ. როგორც ჩანს ხელისუფლების ინტერესში შედის ამ საქმის გამოუძიებლობა, რადგან როცა დამნაშავე ანონიმურია ყოველთვის შეიძლება ხელი დაადო ამ დანაშაულზე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.
0