17:27:23     27-06-2013
„როცა საკრებულოს წევრები საჩივარს შემოიტანენ, გამოძიებასაც მაშინ დავიწყებთ“

საკრებულოს წევრებისა და მერის ორი მოადგილის უკანონოდ დაკავების ფაქტზე, გამოძიება მაშინ დაიწყება, როცა დაზარალებულები პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.
ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს პროკურატურის პრეს-ცენტრის უფროსის მოადგილემ განუცხადა.
„მათ ჯერ არანაირი განცხადება არ შემოუტანიათ. როცა საკრებულოს წევრები საჩივარს შემოიტანენ, გამოძიებასაც შემდეგ დავიწყებთ“, - გვითხრა პროკურატურის პრეს-ცენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თბილისის საკრებულოს ნაციონალ წევრებსა და მერის ორ მოადგილეს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, დაადეს ხელბორკილი და ფინანსურ პოლიციაში წაიყვანეს.
ზოგიერთი მათგანი, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი კი, ფაქტობრივად გაიტაცეს, ბორკილდადებული მანქანით ატარებდნენ ქალაქში.
მოგვიანებით, დაკავებულები ფინანსური პოლიციის უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს და გაათავისუფლეს.
ხოლო ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი მოწმის სტატუსით იყვნენ მიყვანილნი პოლიციაში.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ე.წ. მოწმეთათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მათთვის ბორკილების დადების ფაქტი დაგმეს როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ისე სახალხო დამცველის აპარატში.
დედაქალაქის მერისა და ოპოზიციის შეფასებით: „ესაა პოლიტიკური დევნის უპრეცენდენტო მაგალითი“.
უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს რომ ვიდრე პრობლემა არ გადაიჭრება, უარს ამბობს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.
ბაქრაძე ივანიშვილს დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდა.
საკრებულოს წევრთა
დაკავების ფაქტს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც. მან, ნატოს გენ-მდივან რასმუსენთან
შეხვედრისას ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე ისაუბრა, დღეს მომხდარ ფაქტს გულის ამრევი უწოდა და
აღნიშნა რომ მსგავსი ფაქტები არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას აზარალებს.
მომხდარი უკანონობის გამო ფინანსთა მინისტრის გადადგომას ითხოვს ოპოზიცია (ფინანსური პოლიცია ფინანსთა მინისტრს ექვემდებარება). თბილისის საკრებულოს წევრმა, კოკი იონათამიშვილმა, ნოდარ ხადურს, გადადგომისკენ "ფეისბუქით" მოუწოდა.
უკანონოდ დაკავებულთა სია
მერიის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქუჩაში იძულების გამოყენებით, ხელბორკილების დადებით დააკავა მერიისა და საკრებულოს 22 თანამშრომელი, მათ შორის:
დავით ალავიძე - თბილისის მერის მოადგილე,
დავით ნინიძე - თბილისის მერის მოადგილე,
მამუკა ახვლედიანი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
ნოდარ სანდუხაძე - გლდანის რაიონის გამგებელი,
ლექსო თაბუაშვილი - თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი,
დავით ავალიანი - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი,
ვახტანგ ცაგარეიშვილი - თბილისის საკრებულოს წევრი,
ბესო კვიციანი - ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე,
გიორგი ნიკოლაძე - კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე,
ლევან ნებიერიძე - ისნის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი,
ზურა კიკვაძე - ისნის რაიონის განყოფილების უფროსი,
ავთო სულაბერიძე - ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსი,
ნიკო აბრამიშვილი - ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე,
ბექა მეშვილდიშვილი - სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი,
ვახტანგ გაგუა - საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი,
მიხეილ ქვირია - საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი,
ნიკოლოზ ღვინიანიძე - ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,
მამუკა ბერაძე - გლდანის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი,
ალექსანდრე ჩაფიჩაძე - ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე,
გიორგი დარჩია - ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი,
დიმიტრი ჩხეიძე - მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე,
ზაზა გუდიაშვილი - ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი .