11:22:14     27-06-2013
პოლიტიკური დევნა გრძელდება - საკრებულოს წევრთა უმრავლესობა დააკავეს

პოლიტიკური დევნა გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატები და დედაქალაქის მერის ორი მოადგილე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან თბილისის საკრებულოს ნაციონალ წევრთა უმრავლესობა.
თბილისის საკრებულოს წევრთა დაკავების ფაქტი "იმედთან" საუბრისას დაადასტურა კოკი იონათამიშვილმა. საკრებულოს ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა რასმუსენის ვიზიტის პარალელურად განახორციელა. ხელისუფლების სავარაუდო მიზანი თბილისის არჩეული მერის გადადგომაა.
ხელისუფლებამ გიგი უგულავას გადაყენება დღემდე ვერ მოახერხა, რადგან თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს. ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთების დედაქალაქის მერს.
"მაშინ, როცა რასმუსენი ხელისუფლებას კოჰაბიტაციისკენ მოუწოდებს: ქუჩებში სპეცოპერაციებით მასობრივად აკავებენ თბილისის მერის ორ მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საკრებულოს 5 წევრს და ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის წევრებს", - წერს "ფეისბუქში" დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მარიამ საჯაია.
"ივანიშვილის რეჟიმის თავგასულობა ყველანაირ ზღვარს გადასცდა! დაკავებულია თბილისის მერის 2 მოადგილე: დავით ალავიძე და დავით ნინიძე! დაკავებულია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს 5 წევრი!
ასევე დაკავებულია გლდანის გამგებელი, ნოდარ სანდუხაძე, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე, დიდგორის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე და ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ავალიანი", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საყვარელიძე.