14:19:08     26-06-2013
გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა სკანდალური ვიდეო-კადრები გავრცელდეს
![a25028.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25028.jpg)
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა სკანდალური ვიდეო-კადრები გავრცელდეს.
სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება რომ „შარდენ ბარის“ შესასვლელში და თავად ბარშიც, დაცვის სათვალთვალო კამერა იყო დაყენებული.
წყაროს მტკიცებით, კადრებში ნათლად ჩანს რომ დათა ახალაიასა და თამარ მერაბიშვილის სუფრასთან არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არც ჩხუბი მომხდარა „შარდენ ბარში“.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული კადრები მალე გავრცელდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რომ პროკურატურა იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაც რობაქიძის საქმის შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ყოფილმა პოლიციელმა, ირაკლი ფირცხალავამ გაავრელა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანდა, რომ რობაქიძისა და მისი მეგობრების დაკავების მომენტში მანქანაში იარაღები იყო.
კადრებში ფიქსირდება გასროლაც (პროკურატურა კი ამტკიცებდა რომ დაკავებულების მანქანაში იარაღები არ ყოფილა)...
პროკურატურის ვერსიის საპირისპიროდ, არაერთმა ექსპერტიზამ დაადგინა რომ არსებული ვიდეო-მასალა, სადაც გასროლა და იარაღები ჩანს, არის უწყვეტი და დაუმონტაჟებელი.
რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს... „შარდენ ბარი“ დაზვერვის ყოფილი უფროსის, ავთანდილ იოსელიანის ოჯახის საკუთრებაა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი გახმაურდა, პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ არსებობდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო-კადრები... თუმცა, ეს კადრები ამ დრომდე არ გავრცელებულა.
"შარდენ ბარის" სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო-მასალის შესახებ არაფერი იციან პროკურატურაში. „გამოძიება მიმდინარეობს. გირგვლიანის საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს.
ჩემი ინფორმაციით, არა მგონია გამოძიებას ასეთი ვიდეო-კადრები ჰქონდეს. რომ გვქონოდა, გავავრცელებდით“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
P.S: სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამი დღის წინ ბრალი დაუმძიმდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს.
საყურადღებოა, რომ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ნინო ბურჯანაძე.
0