14:10:33     25-06-2013
წამებით მოკლული პატიმრის მამიდა: კბილაშვილი მკვლელებს ხელს აფარებს
ციხეში წამებით მოკლული პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას მკვლელობის საქმე ამ დრომდე გაუხსენილია. გარდაცვილილის მამიდა, ხათუნა კორტავა აცხადებს, რომ თუ მთავარი პროკურორი კბილაშვილი მისი შვილის (ლევანი მან გაზარდა) რეალურ მკვლელებს უახლოეს დროში არ დასჯის, სამართალს პირადად აღასრულებს.
როგორც ხათუნა კორტავამ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, პროკურატურის უმოქმედობა მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, მკვლელებს ხელს აფარებს.
ოჯახის პოზიცია
ხათუნა კორტავა: „პროკურატურაში საქმეს კერავენ... ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ არიან ჩემი შვილის მკვლელები დასჯილნი? მე, იურიდიული განათლების არ მქონე ქალმა მოვინდომე და გავარკვიე რომ მკვლელობამდე ლევანი გეგუთის ციხეში 12 პატიმართან ერთად შეიყვანეს, ორი საათის შემდეგ თორმეტივე მსჯავრდებული საკნებში გაანაწილეს ჩემი ბიჭი კი ადმინისტრაციამ დაიტოვა.
ჩემ შვილს იქ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენელი დახვდა და სასტიკად აწამეს. ჩემი ბიჭი სამინისტროსა და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.
ეს ფაქტი პატიმრებმა პირადად დამიდასტურენ. ისიც ვიცი, რომ კბილაშვილი და სუბარი ხელების პატიმრებისთვის შეწმენდას გეგმავენ, რასაც არ დავუშვებ. ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, სამართალს, თუ კანონის ფარგლებში ვერ მივაღწიე, პირადად აღვასრულებ. კბილაშვილი მკვლელებს ხელს აფარებს. გადაეცით ივანიშვილს რომ დასაკარგი არაფერი არ მაქვს“.
სასჯელაღსრულების სამინისტრო
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, დაკითხა თუ არა, პროკურატურამ ციხის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, ვისაც კორტავები ხელს ადებენ, თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხა.
„კორტავას საქმეს, მთავარი პროკურატურა იძიებს, მე სასჯელაღსრულების პრესსამსახური ვარ“, - განაცხადა კორძაიამ.
პროკურატურა
„პრესა.ჯი“ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ ჭიანურდება კორტავას მკვლელების გამოძიება?
როგორც კბილაშვილის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, გამოძიებას არსებული ვადებისთვის არ გადაუცილებია, თუმცა პრესსამსახურმა ამ ვადების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„პატიმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც შეეხება თქვენ კითხვას, გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასეთ ფაქტს არ ვადასტურებ, პროკურატურას გამოძიებისთვის საჭირო ვადებისთვის არ გადაუცილებია“,- აცხადებენ კბილაშვილის უწყებაში.
წინაისტორია
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა.
პირველ განცხადებაში სამინისტრო პატიმარ კორტავას გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორებას ასახელებდა. თუმცა, ოჯახის გამოხმაურებისა და საზოგადოების რეაქციის შემდეგ, სუბარმა ვერსია შეცვალა და მკვლელობის მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაასაღა.
თუმცა, გარდაცვლილის ოჯახისა და პატიმრების განცხადებით, 24 წლის ახალგაზრდა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოკლეს წამებით.
"გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლევან კორტავა გარდაიცვალა. გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია: ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - ამონარიდი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
P.S: კორტავას მოტეხილი ჰქონდა კისერი, გადატეხილი იყო ხერხემალში და სხეულზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი აღენიშნებოდა (იხილეთ გარდაცვლილის ფოტო)