15:44:30     24-06-2013
„კოალიციაში დიდი განხეთქილებაა მოსალოდნელი“
„ბიძინა ივანიშვილი არის ძლიერი მეწარმე, მაგრამ არა – დიპლომატი და პოლიტიკოსი. აცნობიერებს, რომ მისი ადგილი არ არის პოლიტიკაში და მას სურს, რომ დროზე გაჩერდეს და წავიდეს, როგორც გმირი“, - ასე შეაფასა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გეგმავს.
როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, ივანიშვილის განცხადება შესაძლებელია სხვადასხვა რაკურსით განიხილო.
ნიკა ჩითაძე: არ არის გამორიცხული, რომ პრემიერის ეს განცხადება პიარისთვის დასჭირდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილს სურს მოსახლეობაში გააღვივოს ინტერესი თავისი პერსონის მიმართ და მოსახლეობაში უკვე დაიწყო კიდეც საუბარი – მართლა წავა, თუ - არა, ივანიშვილი ხელისუფლებიდან. გარკვეული ინტრიგის დათესვა უნდა. შემდგომში ეფექტი რომ მოახდინოს იმით, თითქოს მას სურდა წასვლა, თუმცა საქართველოს მოსახლეობა ითხოვს მის დარჩენას და უნდა დარჩეს.
- „პრესა.ჯი“: ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას დაპირებები ვერ შეუსრულა, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ წინსვლას, ხომ არ დაიღალა პრემიერი მოსახლეობის პროტესტისგან?
- მოსახლეობა ელოდებოდა იმას, რომ საგრძნობლად და რადიკალურად შეიცვლებოდა ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური ვითარება. როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხვდება და მიაჩნია, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ივანიშვილი ცდილობს, რომ აიცილიოს თავის თავზე პასუხისმგებლობა.
იმიტომ რომ მოსახლეობა კვლავ მას მოსთხოვს პასუხს. შესაძლებელია, ის გადგეს განზე, გარედან მართოს გარკვეული პროცესები, მაგრამ განაცხადოს, რომ ბიზნესშია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მას არ ექნება არანაირი სახელმწიფო თანამდებობა, მოსახლეობა პასუხს მომავალ პრემიერ-მინისტრს მოსთხოვს. ის ამით იცილებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ინარჩუნებს გავლენას.
- თუკი მოხდა ისე რომ ივანიშვილის წავიდა ოქტომბერში პოლიტიკიდან, როგორ აისახება ეს ფაქტი ორი პოლიტიკური გუნდის ცხოვრებაში?
- ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო წაადგება ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ვიცით, რომ კოალიციაში შემავალი ლიდერები პარლამენტში მხოლოდ ივანიშვილის რეიტინგით მოხვდნენ და თუ მათი ლიდერი პოლიტიკაზე უარს იტყვის, ამ დეპუტატების, მინისტრების რეიტინგი გაუტოლდება იმ ნიშნულს, რომელიც მათ ივანიშვილის გამოჩენამდე ჰქონდათ.
ამასთან კოალიციაში დიდი განხეთქილებაა მოსალოდნელი თემაზე, თუ ვინ უნდა დაიკავოს პრემიერის სავარძელი.
- სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების არსებობა ქვეყნის პირველმა პირმა დაადასტურა. საიდან აღმოჩნდა ამ კასრებში ადამიანის წამების ამსახველი ფირები და გაურკვეველი ჩანაწერები?
- სამალავებში აღმოჩენილ ნარკოტიკებზე და ფირებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ იარაღის და ნარკოტრიკებისა ერთ კონტეინერში მოთავსება.
გასაგებია საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის მცდელობის შემთხვევაში ქვეყანა შედარებით მომზადებული იქნებოდა. თუმცა ნარკოტიკი და ფირი შეუსაბამობაში მოდის, შს მინისტრს ეს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა, რაზეც მათ მიიღეს ცოტა არ იყოს, უხეში პასუხი... საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს ვგულისხმობ...
ამასთან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილისგან გვესმის ნაადრევი შეფასებები, სისტემურ დანაშაულზე, ჯერ დადონ გამოძიების პასუხი და მერე განსჯის საზოგადოება - იყო თუ არა, ეს სისტემური პრობლემა. თუ უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს რიგმა სამართალდამცავებმა.
0