12:25:49     24-06-2013
ვინ შეცვლის ივანიშვილს?

ივანიშვილის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკაში სულ რამდენიმე დღე დარჩება, გააჩინა კითხვა - ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას?
ივანიშვილმა ესტონურ გაზეთ Postimees-თან განაცხადა: "მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკაში სულ რამდენიმე დღე დავრჩები".
პრემიერის განცხადებას, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაგალითად, ფრაქციის ლიდერ საგანელიძის განცხადებით: „ალბათ ივანიშვილი მიიჩნევს რომ მან უკვე მოიხადა ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.
დევნილთა მინისტრ დარახველიძეს კი ჰგონია რომ „ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როცა პრემიერი პოლიტიკიდან წავა“.
„პრემიერმა დააზუსტა რასაც გულისხმობდა. პრემიერმა თავიდანვე ბრძანა რომ დიდი ხნით არ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას. ის იქამდე დარჩება პოლიტიკაში, ვიდრე მისი ყველა დაპირება არ იქნება შესრულებული“, - ასე ოცნებობს ფინანსთა მინისტრი ხადური.
კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შეფასებით კი: „პრემიერ-მინისტრის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე (თუ ესეც არ გადაიფიქრა, როგორც უპრობლემოდ ჩვევია ხოლმე) მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ივანიშვილს უნდა ჰქონდეს კონტროლი, მაგრამ არა პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა არ მოეწონა, მისთვის სამწუხაროდ. ეს არანაირად არ ჯდება დემოკრატიული მმართველობის არანაირ ვერსიაში“.
ვინ დაიკავებს ივანიშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას? კოალიციის წევრთა აზრით, ყველაზე რეალური კანდიდატი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. „მას ყველაზე მეტად ენდობა ბიძინა“, - აცხადებენ კოალიციაში. თუმცა, წუხან იმაზე, რომ „შესაძლოა ბიძინას წასვლამ კოალიციის ერთობას პრობლემები შეუქმნას“.
0