11:42:52     06-06-2013
მოსკოვის ახალი მითითება ივანიშვილს

ოფიციალური მოსკოვის ახალი დირექტივა ივანიშვილის ხელისუფლებას. კრემლი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს. კანონი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს ვიზის გარეშე გაემგზავრებიან.
მოსკოვის ახალი მითითების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გუშინ, პრაღაში გაიმართა.
"მთავარი, რაც ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნის, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობის გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ კანონის გაუქმება", - განაცხადა კარასინმა. კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს მუშაობას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე.
ოკუპანტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფორმატი ამოქმედდა, რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბევრ საკითხში მოძრაობები შეინიშნება.
"ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს ეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გავაფართოვეთ ჰუმანიტარული ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე ეხება სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროს, კულტურის და სპორტის სფეროში ურთიერთობებს. ამ ხაზს ჩვენ გავგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ რუსეთს ერთხელ უკვე გაუგორა კოჭი და კანონი,"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" გაამარტივა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რუსეთისთვის საკმარისი არ არის.
მოსკოვი ივანიშვილს მაქსიმუმს სთხოვს. პრემიერი კი, ჯერ იმაშიც ვერ გარკვეულა თუ რაში სჭირდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს. მეტიც, ივანიშვილი თვლის, რომ მცოცავი ანექსია პუტინის მითითებით არ მიმდინარეობს.
0