15:24:59     05-06-2013
დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა დადგეს სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
როგორც მან „ITV”-ს მედიაკლუბში სტუმრობისას განაცხადა, სუბართან იგივე პრეტენზიები აქვს, როგორიც თავის დროზე ხათუნა კალმახელიძის მისამართით ჰქონდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „2012 წელს ციხეებში ნარკოტიკების შეტანა მინიმალურ ნიშნულამდე იყო დაყვანილი. წინა ხელისუფლების დროს მიუხედავად იმისა, რომ ბევ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, საკნებში ნარკოტიკული საშუალებები ვეღარ ხვდებდა.
დღეს კი ჩვენ ვაწყდებით ნარკოტიკების ციხეში შეტანის ფაქტებს, რომლის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ მალავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი. მადლობა ბატონ სოზარს გულწრფელობისთვის მაგრამ მისი აღიარება არ არის გამოსავალი, მაშინ როცა ნარკოტიკების მიღების გამო ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა.
მის სისხლში ნარკოტიკული საშუალების არსებობა სამედიცინო დასკვნით დასტურდება.
როდესაც სასჯელაღსრულების ცხრამეტივე დაწესებულებას ოთხიათასამდე თანამშრომელი ემსახურება და განახევრებულია პატიმართა რაოდენობა, რატომ ვერ ხერხდება დღეს საკნებში ნარკოტიკების შესვლის აკრძალვა?“, - კითხულობს ყოფილი დეპუტატი.
ლორთქიფანიძის განცხადებით, 24 წლის პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტის გამო, მინისტრ სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„24 წლის პატიმრის მამიდა ქალბატონი ხატუნა კორტავა, მისი ძმის შვილის გარდაცვალებაში პირდაპირ ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს. მას აქვს ეჭვი, რომ ეს იყო ინსპირირებული.
პატიმარს არც ერთი მთელი ორგანო არ ჰქონდა. სხეულზე ძალადობის მრავლობითი კვალი აღენიშნებოდა. კორტავას საქმეზე სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი უნდა დაისვას.ჩვენ ხათუნა კალმახელიძეს მეტს კი არაფერს ვედავებოდით, 2010 წელს გარდაცვლილი თამაზ დადვანის საქმის ობიექტურ გამოძიებას ვითხოვდით. იგივე ხდება სუბართან დაკავშირებითაც. დავით კირვალიძით არ უნდა ამოიწუროს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა“,- განაცხადა უფლებადამცველმა.
ლორთქიფანიძე მონიტორინგის ჯგუფის აღდგენასაც მოითხოვს, რომ პატიმრების უფლებები ჯეროვნად იყოს დაცული, რომ ციხეებში პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში არ იღუპებოდნენ.
შეგახსენებთ რომ წინა კვირას გეგუთის ციხეში 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა წამებით მოკლეს. მას ხერხემალი და კისერი ჰქონდა დამტვრეული. აღენიშნებოდა წამების კვალი.
მინისტრმა სუბარმა თავდაპირველად უნამუსოდ იცრუა და განაცხადა რომ კორტავა კიბიდან დაგორდა და გარდაიცვალა, ოჯახის მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვერსია შეცვალა და თქვა, რომ პატიმარი ციხეში მომხდარ ჩხუბს შეეწირა.
მოკლული პატიმრის ოჯახი მინისტრის პასუხისმგებლობასა და სამინისტროს მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს.