11:52:10     04-06-2013
წულუკიანმა ივანიშვილს გადადგომის მოთხოვნით მიმართა?

როგორც „პრესა.ჯი“-ს კოალიციაში შემავალი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, იუსტიციის მინისტრმა პრემიერს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
წყაროს თქმით, მრჩეველთა საბჭო ახლა იმაზე მსჯელობს, თუ რამდენად წაადგება წულუკიანის მოხსნა პრემიერს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
პოლიტიკურ კულუარებში, წულუკიანისა და ივანიშვილის დაპირისპირების სამ მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციაა...
დაპირისპირება პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შორის
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაჩნდა გვერდი სახელწოდებით: წულუკიანი VS ბიძინა, სადაც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა, თეა წულუკიანის SMS მიმოწერის შესახებ.
„ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა თეა წულუკიანის SMS მიმოწერა. წულუკიანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანს (რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია) წერს, რომ სამწუხაროდ არაფერი შეუძლია მათ დასახმარებლად, თუმცა მათ გვერდით არის და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, სტრასბურგამდე მიიტანს.
SMS მიმოწერაში, წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ქონდრისკაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სტრასბურგში, პრემიერის გამოსვლაზე სირცხვილით იწვოდა. სულ მალე ყველა დარწმუნდებით ამ ამბავის სინამდვილეში. ივანიშვილი წულუკიანს ამას არ აპატიებს“ - წერენ „ფეისბუქში“.
მეორე მიზეზი, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის არსებული დავაა, რომელიც შრომის კოდექსს უკავშირდება.
საპრეზიდენტო კანდიდატმა მარგველაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, „როზა ლუქსემბურგის ოცნება უწოდა“. შედეგად, წულუკიანისგან, მწვავე რეაქცია მიიღო...
მარგველაშვილ-წულუკიანის დაპირისპირებისას, პრემიერმა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარე დაიჭირა და განაცხადა რომ მის პოზიციას ბოლომდე იზიარებს.
დაპირისპირების მესამე მიზეზია წულუკიანის სურვილი, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი გახდეს... იმის შესახებ, რომ წულუკიანს სტრასბურგის მოსამართლეობა იზიდავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე გახდა ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილი წულუკიანის ამ ამბიციის დაკმაყოფილებას არ აპირებს.
ამბობენ იმასაც რომ პრემიერს, წულუკიანის „ფრანგული კომპრომატების“ შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს გზის“ ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საბოლოოდ კი, ეჭვიანმა პრემიერმა, იუსტიციის მინისტრი აითვალწუნა.
ოფიციალური პოზიცია
მიმართა თუ არა, იუსტიციის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით? „პრესა.ჯი“ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ივანიშვილისა და წულუკიანის პრესსამსახურის წარმომადგენლებთან შეეცადა.
იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. „არ ვადასტურებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განგვიცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
წულუკიანის შესაძლო გადაყენების ფაქტს უარყოფს ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნონა ყანდიაშვილიც.
„თეა წულუკიანს ბიძინა ივანიშვილისთვის გადადგომის მოთხოვნით არ მოუმართავს“,- გვითხრა მან.
მიიღებს თუ არა, წულუკიან-ივანიშვილის დაპირისპირება საჯარო ხასიათს და მოხსნის თუ არა, პრემიერი იუსტიციის მინისტრს, რომელიც ალასანიას კადრია? სავარაუდოდ, ამ კითხვებზე პასუხი საპრეზიდენტო არჩევნებამდე გახდება ცნობილი.
0