ვის კლანურ ინტერესებს ეწირება 12 პოლიციელი? ვის კლანურ ინტერესებს ეწირება 12 პოლიციელი? />


  20:31:03     03-06-2013

ვის კლანურ ინტერესებს ეწირება 12 პოლიციელი?

a24881.jpg

შს სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაზე მოქმედი პოლიციელები საუბრობენ.

მინისტრის ცოლის ძმის, სიმამრის დის შვილის, მეგობრებისა თუ მეგობრის მეგობრების დასაქმების პარალელურად, საკუთარ კლანს ამაგრებს შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორიაც. 

მინისტრის კლანი (წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები, განსაკუთრებით მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ახლობლები, სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ.

 თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმამ, დამ, სიძემ, დის შვილმა, შვილის მეგობრებმა სამსახურების უფროსების პოსტები გადაინაწილეს.

ირაკლი ღარიბაშვილის და, თეა ღარიბაშვილი დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში - პროექტების ანალიზის განყოფილების უფროს სპეციალისტად.

ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დის შვილი ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა (წინასაარჩევნოდ ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ სიღნაღის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა).

ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად.

შს მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად.

თამარ თამაზაშვილის მეუღლე, ვასიკო აბულაშვილი დაინიშნა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დედოფლისწყაროს სერვის – ცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად.

თამაზ თამაზაშვილის ცოლის, მაია თამაზაშვილის ძმა, ნუგზარ პაპიაშვილი დაინიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს. ნუგზარ პაპიაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.

თამაზ თამაზაშვილის ნათესავი, სანდრო იაკობიშვილი დაინიშნა დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად. სანდრო იაკობიშვილი გასულ წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მუშაობდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო გაათავისუფლეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის მეგობარი, დიმიტრი მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად.

დიმიტრი მაისურაძის ნათესავები: გიგა და ოთარ გავაშელიძეები, ასევე სიმამრი, ავთო გავაშელიძე დასაქმდნენ და დაწინაურდნენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში, სხვადასხვა თანამდებობებზე.

ლექსო თამაზაშვილის მეგობარი, თემურ მეტრეველი დაინიშნა თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსად. თემურ მეტრეველი 2 წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

თემურ მეტრეველის ცოლის ძმაა კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი დიმიტრი მაისურაძე.

ირაკლი ღარიბაშვილის მამიდაშვილი, ხათუნა მენთეშაშვილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

ცოტა ხნის წინ, ამ სკოლის დირექტორს, მაია ლაპიაშვილს ბრალი წაუყენეს 1000 ლარის მითვისების ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორად ხათუნა მენთეშაშვილი მოიზრება.

ლევან იზორიას კლანი

„პრესა. ჯი“-ს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები შემდეგ ფაქტებს უყვებიან:

„ღარიბაშვილის მოადგილის, ლევან იზორიას დეიდაშვილმა პაატა კაციამ, რომელიც სამეგრელოს რეგიონის საპატრულოს უფროსის მოადგილედ მუშაობს, ერთი კვირის წინ, თავისი კადრების დანიშვნის მიზნით, სასაზღვო-საპატრულო განყოფილების 12 თანამშრომელს იძულებით მოსთხოვა პატაკის დაწერა - გათავისუფლების თაობაზე.

თავდაპირველად, მათ პატაკი არ დაწერეს. თუმცა, მუქარის შემდეგ პატაკის დაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი დააშინეს და დააშანტაჟეს.

მოგვიანებით, ამ თანამშრომლებმა, მინისტრ ღარიბაშვილის სახელზე შეიტანეს განცხადება, რომ კაციამ უკანონოდ და ზეწოლის ქვეშ დააწერინა მათ პატაკი, სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ.

ღარიბაშვილმა საქმე გენინსპექციას დააწერა. გენინსპექციამ 4 მესაზღვრე-პატრული უკვე დაიბარა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა. დანარჩენებსაც იბარებენ... 

კაციას, სამეგრელოს პოლიციის უფროსი შენგელია და შს მინისტრის მოადგილე იზორია „კრიშავს“.

შენგელია, შსს-ში თენგიზ გუნავას კადრი იყო. მან მოიყვანა პოლიციაში. თუმცა, „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, შენგელიას კარის მეზობელი, ირაკლი მამფორია გახდა მისი მფარველი.  

ეს  მამფორია ირაკლი ჩიქოვანისა და ირაკლი ალასანიას უახლოესი მეგობარია“.  

შს სამინისტროში კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმის ნიშნით ადამიანების დასაქმებას უარყოფენ. სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკური ნიშნით დევნის ან სამსახურიდან გათავისუფლების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მეტიც, მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, დღეს, პოლიცია, ისე როგორც არასდროს, სამართლიანი და დეპოლიტიზირებულია.

0

ავტორი: