11:15:19     03-06-2013
პიტერ შოუსა და ცისკარიშვილის გატაცებისთვის გასამართლებული ჭიჭიაშვილი გაათავისუფლეს
![a24866.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24866.jpg)
ესპანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს გატაცებისათვის მსჯავრდებული, შოთა ჭიჭიაშვილი ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა.
შოთა ჭიჭიაშვილს ბრალად ედებოდა ესპანელი ბიზნესმენებისა და ქართველი პარლამენტარის, პეტრე ცისკარიშვილის გატაცება. ის საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, მას ერთი ბრალდება მოეხსნა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ჭიჭიაშვილი ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ლობირებით, ციხიდან გაათავისუფლეს.
ალასანიამ ნარჩემაშვილს პიტერ შოუ მოპარა
პიტერ შოუ, რომელიც საქართველოს "აგრობიზნესბანკის“ თანათავმჯდომარე იყო, 2002 წლის 18 ივნისს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა 7 პიროვნებამ მისი სახლის ეზოდან გაიტაცა. მან ტყვეობას 2002 წლის 6 ნოემბერს, ბურუსით მოცულ ვითარებაში დააღწია თავი.
პიტერ შოუ პანკისის ხეობაში, შს სამინისტროს საგუშაგოს მორიგემ იპოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი, რომელიც ორმოში ჰყავდათ დატყვევებული, გამტაცებლებს გაექცა. მაშინ, ადგილზე ჩავიდნენ შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ალასანია.
შეთანხმებისამებრ, შს და უშიშროების მინისტრებს ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაემართათ პიტერ შოუს გათავისუფლების შესახებ. თუმცა, ირაკლი ალასანიამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პიტერ შოუ მოიპარა და თბილისში, უშიშროების სამინისტროში მიიყვანა.
უშიშროების მინისტრმა ხაბურძანიამ და მისმა მოადგილემ პრესკონფერენცია ჩაატარეს და ბიზნესმენის გათავისუფლება ნარჩემაშვილის გარეშე გვამცნეს. შესაბამისად, პრეზიდენტ შევარდნაძის მადლობა და „დაფნის გვირგვინი“ მხოლოდ უშიშროების სამინისტროს ერგო.
კობა ნარჩემაშვილი კი, რომლის თანამშრომელმაც პიტერ შოუ იპოვა, „თამაშგარე“ აღმოჩნდა.
ცისკარიშვილის გატაცება
დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი თბილისიდან, მეგობართან ერთად გაიტაცეს. მოგვიანებით, მისი მანქანა ახმეტაში, ე.წ. „ბახტრიონის“ ხიდთან იპოვეს. დეპუტატი მაშინ 27 წლის იყო და მისი გატაცების ამბავმა მსოფლიო პრესა მოიარა.
რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად, დეპუტატი პანკისის ხეობაში იპოვეს და გაათავისუფლეს. მისი გატაცებისთვის კი, სამი პირი, მათ შორის ჭიჭიაშვილი დააკავეს.
0