14:47:22     29-05-2013
შს მინისტრის ცნობილი სიმამრი მკვლელობებს ადასტურებს - დანაშაულთან კავშირს უარყოფს
შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმას, დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მძღოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობა წლების წინ, თელავში, შს მინისტრის ამჟამინდელი მეუღლის სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მოხდა.
„თამაზ თამაზაშვილმა ქალიშვილის ბანკეტისთვის რესტორანი გადაკეტა, იქ სხვებს არ უშვებდნენ. რესტორანთან იყო მისი ვაჟი, ლექსო თამაზაშვილი, რომელსაც ჩხუბი მოუვიდა უცხოებთან (ისინი რესტორანში შესვლას ცდილობდნენ). იქვე იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მძღოლი. გვარად სიმონიშვილი. მან ლექსო იცნო და მოჩხუბართა გაშველებას შეეცადა.
ლექსომ „ლიმონკა“ ამოიღო და ისროლა. შედეგად ეს ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდნენ სხვებიც. მკვლელობას თამაზაშვილის ქალიშვილი და მისი კლასელებიც შეესწრნენ“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თამახმად, ამ მკვლელობის შემდეგ, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, თამაზ თამაზაშვილმა, შვილის დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით, ეროვნებით იეზიდი, უდანაშაულო პიროვნება დაიჭირა, რომელიც პოლიციელებს წამებისას შემოაკვდათ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, კვალის დაფარვის მიზნით და თამაზაშვილის დავალებით გათამაშდა სცენა, თითქოს პოლიციას, დაკავებული იეზიდი ყვარლის პოლიციაში გადაჰყავდა, რა დროსაც გარდაცვილი მძღოლის ნათესავები პოლიციის მანქანას დახვდნენ და „ეჭვმიტანილი“ ჩაქოლეს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თამაზ თამაზაშვილმა დააშინა და მოისყიდა გარდაცვლილი მძღოლის ოჯახი. მოკლულის ოჯახს მისცა ფული და აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი.
„პრესა.ჯი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას თამაზაშვილების ოჯახთან დილიდან ცდილობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს, მარეხ სირბილაძეს ვთხოვეთ, ლექსო თამაზაშვილთან სატელეფონო კომენტარი შეეთანხმებინა. შესაბამისი პირობაც მივიღეთ, თუმცა მოგვიანებით პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ თამაზაშვილს ვერ დაუკავშირდა.
„ბატონ ალექსანდრესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. პარლამენტში არ გახლავთ. სახლშიც გადავრეკე თუმცა, არავინ პასუხობს. პირადი ტელეფონის გაცემა აკრძალული მაქვს“,- განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილს, მან, „ობიექტივის“ ოფისში, რამდენიმე წუთის წინ მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. თუმცა, სიმონიშვილის მკვლელობასთან მისი შვილის კავშირი უარყო.
„ამ საქმეზე „ობიექტივმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. აი, აგერაა ეს ადამიანი და ჰკითხეთ. ჩემი შვილი 13 წლის იყო მაშინ და საიდან ექნებოდა ხელყუმბარა“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
P.S: „ობიექტივი“ ღიად უცხადებს მხარდაჭერას თამაზ თამაზაშვილს. მეტიც, რამდენიმე თვის წინ, რესტორან „ჭაშნაგარში“, „ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი და მისი თანამშრომლები თამაზ თამაზაშვილის სახელს სკანდირებდნენ. „გაუმარჯოს კაცურ კაცს, თამაზ თამაზაშვილს“ - იძახდნენ ისინი. ეს ფაქტი, მაშინ, სცენარისტმა გიგა ნასარიძემ „პრესა.ჯი“-ს ოფიციალურად დაუდასტურა.
რამდენად ობიექტური იქნება „ობიექტივის“ მიერ სიმონიშვილის მკვლელობისა და ეროვნებით იეზიდის წამების შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, თავად განსაჯეთ.
იხილეთ სტატია და გიგა ნასარიძის კომენტარი რესტორან "ჭაშნაგარში" მომხდარი ფაქტის შესახებ